კიშინიოვში მოლდოვა-ევროკავშირის პირველი სამიტი გაიმართა

პუბლიკა

პარასკევს მოლდოვაში ევროკავშირი-მოლდოვის პირველი სამიტი გაიმართა. სამიტზე, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენმ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა განიხილეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები, ეკონომიკური ზრდა, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა.

სამიტზე ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის ზრდის გეგმის პირველი, 270 მილიონი ევროს წინასწარი დაფინანსების გამოყოფის შესახებ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლდოვამ „გადამწყვეტი ნაბიჯი“ გადადგა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი 2024 წლის რეფერენდუმის შემდეგ კონსტიტუციაში ასახა. მისივე თქმით, ბრიუსელი იმუშავებს მოლდოვას კრემლის „ჰიბრიდული თავდასხმებისგან“ დასაცავად.

„გასულ წელს მოლდოვას ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში მათი მომავლის დაფუძნებას. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, როდესაც ამ გზაზე წინ მიიწევთ, რადგან მოლდოვას წარმატება ევროპის წარმატებაა“, – განაცხადა ლაიენმა.

კიშინიოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა მაია სანდუმ თქვა, რომ პირველად, მოლდოვა აღიქმება ევროპული ოჯახის ბუნებრივ ნაწილად.

მისი თქმით, მოლაპარაკებები აჩვენებს, „რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უკვე მიმდინარეობს – ეს აღარ არის შორეული ოცნება ან ბუნდოვანი დაპირება“.

„ამ სამიტის მეშვეობით ევროკავშირი აგზავნის მკაფიო გზავნილს: მოლდოვა მნიშვნელოვანია“, – თქვა სანდუმ.

სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოველების ხელშია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ბედი, მხედველობაში ჰქონდა სეტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. პრეზიდენტის „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობის შესანარჩუნებლად იბრძვის, პრორუსული სოციალისტური პარტიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.

„ერთადერთი რისკი ის არის, თუ გავჩერდებით. თუ ამ შემოდგომაზე გადავწყვეტთ, რომ არაფერი შეგვაჩერებს, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია“, – თქვა სანდუმ.