ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს

პუბლიკა

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს – ადგილზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი, ისინი ნავალნის სახელს სკანდირებდნენ.

ტერიტორიაზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია, მათ შორის არიან სპეცრაზმის წევრებიც – დაცვა იქ გუშინ გააძლიერეს, მიიტანეს რკინის ჯებირებიც. დაკრძალვამდე ეკლესიაში პანაშვიდი გაიმართა, სადაც მოქალაქეების მხოლოდ ნაწილი დაუშვეს, როგორც ადგილობრივი მედიები წერენ, სავარაუდოდ, ნავალნის ნათესავები.

ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ აშშ-ისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებიც.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.

იულია ნავალნიმ ქმრის სიკვდილის შემდეგ განაცხადა, რომ ალექსეის საქმეს გააგრძელებს.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“. ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, რომლის თქმით, ნავალნი მოკლულია.