თბილისის ზოოპარკში ხუთ ჟირაფს ჩამოიყვანენ. ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „საქმიან დილას“ უთხრა.
გურიელიძის თქმით, თითქმის დასრულებულია ჟირაფებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შესაბამისი ტრენინგების კურსი გაიარეს ზოოპარკის თანამშრომლებმაც.
„ჩვენ ვზრუნავთ ჟირაფების ჩამოყვანაზე, რადგან მას ასე მაღაზიაში ვერ იყიდი, სადღაც უნდა დაიბადოს, გარკვეულ ასაკამდე მივიდეს, შემდეგ ტრანსპორტირებაც რთული და ძვირადღირებული საქმეა. მინიმუმ ეს იქნება ხუთი ჟირაფი. რაც შეეხება თვითონ ცხოველს, თბილისის ზღვის ზოოპარკი უკვე გახლავთ ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრი, რაც ნიშნავს, რომ გვეყოლება შესაბამისი კონსულტანტები და კარგად გაწვრთნილი მომვლელები. ამ მიზნით მათ შარშან უკვე გაიარეს შესაბამის სწავლებები, რადგან ჟირაფები განსაკუთრებული ცხოველები არიან და ზოგადად დიდი ზომის ცხოველებთან ურთიერთობა რთულია, მათთან ერთად იქნებიან მარტორქები, ბეჰემოთები. მათ უკვე გაიარეს ტრენინგი ჰოლანდიაში და წელს კიდევ გაგრძელდება ეს პროცესი. ორი ჩვენი ვეტექიმი გაემგზავრება სამხრეთ აფრიკაში, რომ იქ უკეთესად შეისწავლონ ეს პროცესი“, – განაცხადა გურიელიძემ.
გურიელიძეს არ უთქვამს, რომელი ქვეყნიდან მოხდება ჟირაფების ტრანსპორტირება, მისი თქმით, გადაწყვეტილება სექტემბერში გახდება ცნობილი.