პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს.
ბიუროს სხდომაზე გიორგი მსხილაძემ მოითხოვა, აღნიშნული კანონი საერთოდ არ დარეგისტრირებულიყო, ვინაიდან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაცისკენ სვლას, ამასთა, მას დასავლელი პარტნიორები მწვავედ აკრიტიკებენ. თუმცა, მმართველმა გუნდმა, მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არ გაითვალისწინა.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და კანონს ვეტოს დაადებს”. – თქვა გიორგი მსხილაძემ.
დღეს, 8 აპრილს პარლამენტის ბიურომ რუსულ კანონს მსვლელობა მისცა.
ასევე მსვლელობა მიეცა ალტერნატიულ კანონპროექტებსაც – გახარიას პარტიის და თეონა აქუბარდიას ინიციატივას „რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ და ბექა ლილუაშვილისა და მიხეილ დაუშვილის ინიციატივას „გრანტების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა, რომ კანონპროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის თავმჯდომარს, ანრი ოხანაშვილის თქმით, კომიტეტი 15 აპრილს, ორშაბათს გაიმართება, კანონს კი ივნისის ბოლომდე მიიღებენ.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.
მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.