პარლამენტი რუსული კანონის განხილვას იწყებს

პუბლიკა

პარლამენტის ბიურომ რუსულ კანონს მსვლელობა მისცა.

ბიუროს 8 აპრილის სხდომაზე განისაზღვრა, რომ კანონპროექტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, კომიტეტი 15 აპრილს, ორშაბათს დაინიშნება და მას ივნისის ბოლომდე მიიღებენ.

[შესწორება: ბიუროს სხდომაზე თავდაპირველად ითქვა, რომ საკომიტეტო მოსმენა პარასკევს, 12 აპრილს გაიმართებოდა და ამ სტატიაშიც ასე იყო აღნიშნული].

ასევე მსვლელობა მიეცა ალტერნატიულ კანონპროექტებსაც – გახარიას პარტიის და თეონა აქუბარდიას ინიციატივას „რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ და ბექა ლილუაშვილისა და მიხეილ დაუშვილის ინიციატივას „გრანტების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის რეგისტრაციაში გატარებაც კი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაა. მისი თქმით, ტყუილია, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. ნაცვლიშვილმა წარმოადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთში მიღებულ კანონზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონი ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის. მისივე თქმით, მსგავსი კანონი გააუქმეს უნგრეთშიც.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ოცნების“ კანონპროექტი საქართველოს ევროპული მომავლის ღალატია. დეპუტატის პოზიციით, კანონპროექტი უნდა განიხილოს ევროინტეგრაციის კომიტეტმაც.

ოპოზიციონერ თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ოცნებამ“ სიტყვა გატეხა საკუთარი ხალხის და ევროპელი პარტნიორების წინაშე. მან შეკითხვა დასვა, რატომ არ განიხილავს კანონპროექტს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რადგან ეუთო/ოდირმა შარშან დაწერა, რომ ეს კანონპროექტი ზღუდავს ადამიანის უფლებებს. მისივე თქმით, პროექტი უნდა განიხილოს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმაც, თუ უმრავლესობა უსაფრთხოების კუთხით უყურებს ამ კანონპროექტს.

ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლის პარალელურად, ისმოდა უმრავლესობის წევრების შეძახილები, რომ ოპოზიციას გამჭვირვალობის ეშინია, დეზინფორმაციას ავრცელებს და საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციას.

„გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული კანონების სამიზნე მტრული სახელმწიფოები იყო. ხვიჩიამ იკითხა, დღეს რატომ სჭირდება საქართველოს „ბრძოლის კანონი, ვის ვებრძვით?“. მისი თქმით, რუსეთში ამ კანონით ებრძოდნენ დასავლეთს. ხვიჩიას თქმით, მსგავსი კანონებით ძირითადად აშშ-ს ებრძვიან და აშშ საქართველოს მხრიდან ბრძოლას არ იმსახურებს.

უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ეს კანონი არავის წინააღმდეგაა, არავის ებრძვის. ამ კანონის მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობაა. მისივე თქმით, ამ გამჭვირვალობის წინააღმდეგ არიან ოპოზიციონერი დეპუტატები, მათ გამჭვირვალობის ეშინიათ.

ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციას გამჭვირვალობა ადამიანის უფლების დარღვევა ჰგონია და ამ შემთხვევას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე რამის გასაფუჭებლად გამოიყენებს.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობა დეზინფორმაციას ეწევა. მისი თქმით, საფრანგეთში მსგავსი კანონი მტრული და საფრთხის შემცველი ქვეყნების მხრიდან წამოსული საფრთხის საფუძველზე მიიღეს. ლილუაშვილის თქმით, საქართველოს მტერი რუსეთია და ამისთვის მისმა პარტიამ წარმოადგინა ორი ალტერნატიული კანონპროექტი.

საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ააიპ-ების და მედიის დეკლარაციების ჩაბარების საკითხი არ არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განსახილველი, რადგან საკითხი არ ეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობას.

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას, სამხარაძემ შეკითხვით მიმართა ბექა ლილუაშვილს, რომელიც მაშინ „ოცნების“ წევრი იყო, ხომ არ ახსოვს, ჰესების წინააღმდეგ პროტესტის დროს საიდან მოდიოდა დაფინანსება.

რომან გოცირიძემ დასვა შეკითხვა, ვინ აგებს პასუხს საქართველოს ევროპული მომავლის შეფერხებაზე. გოცირიძის ამ შეკითხვაზე უმრავლესობის დეპუტატებმა თქვეს, რომ ამაზე პასუხს ოპოზიცია აგებს.

გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას შარშანდელი მარტის მოვლენები შეახსენა, რამაც უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.

ირაკლი ქადაგიშვილი ყვიროდა, რომ გოცირიძეს მორალის კითხვის უფლება არ აქვს, რადგან მისი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქციებზე ხალხს ასახიჩრებდა და ხოცავდა.

„გავაკეთებ პროგნოზს, მერე ამას ამოვჭრი და დაგცინებთ. თქვენ ამ კანონს ვერ მიიღებთ. თუ მიიღებთ, ზუსტად იგივე დაგემართებათ, რაც შარშან, ამ პერიოდში. არ გაგივათ, ამ კანონს ვერ გაიტანთ, არ გაგატანინებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ბიუროს მოუწოდა, რომ არ გაატაროს კანონპროექტი რეგისტრაციაში. მან მოიშველია საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკული მოსაზრებები.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, რამდენიმე ორგანიზაციამ და დონორმა მიმართა მას, რომ ისინი მზად არიან, ხვალვე გაასაჯაროონ საკუთარი ინფორმაცია. ვოლსკის არ დაუკონკრეტებია რამდენმა და რომელმა ორგანიზაციებმა მიმართეს მას.

„თავად კანონი, იმის შიშით, რომ ვინმემ თქვას, იცით რა, ასე დაიწყეს მიღება კანონის და მერე უკვე გადავიდნენ უხეშ მოქმედებაზეო, არასწორია, ჩვენ არ ვაპირებთ ეგეთზე გადასვლას. აი მაშინ მოვითმენთ კიდევაც და ღირსებიც ვიქნებით, რომ მოვითმინოთ ის შენიშვნები, თუკი ეს ვითარება დამძიმდა.

[…] არავინ იფიქროს, რომ არასამთავრობოები იქნებიან [მომმართეს მე რამდენიმე ათეულმა] და გინდა დონორები იქნებიან, რომ მადლიერების არ ვართ შესანიშნავი პროექტების… მომმართეს-მეთქი, რომ ვამბობ, ტყუილს არ ვამბობ, რომლებიც მზად არიან, ხვალ გამოვიდნენ და თავისი ინფორმაცია დადონ, რა ხდება ამასთან დაკავშირებით.

არ არსებობს არავის განწყობა ისეთი, რომ თავის ქვეყანას შეუქმნას პრობლემა. რატო შეუქმნის პრობლემას, რა ინტერესი აქვს? დონორებსაც ვთხოვ, მოსთხოვონ თავის მიმღებებს, მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. რატომ იცით? თქვენო გადაგვაგდეთო, სიტყვა არ შეასრულეთო, ტყუილია. ყოველდღიურად პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა ვსაუბრობთ ყველასთან, ყველა დონორთან და აგერ გამოვიდა უშველებელი დონორი ორგანიზაციის თავმჯდომარე და თქვა, რასაკვირველია, სწორები ხართო, გამორიცხულია საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მიიღოს ფული და დახარჯოს პოლიტიკაში. ამაზე შევთანხმდით. დონორის ორგანიზაციების შეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარესთან არ სრულდება იმის გამო, რომ მიმღები ორგანიზაციების დაახლოებით 10% ვიცით მხოლოდ თანხისა იმ პროექტებში. უფრო სწორად შეიძლება შინაურულად ბევრი ვიცით, მაგრამ ოფიციალურად არაა დადებული. ამას მივაქციოთ ყურადღება და ნუ შევქმნით პოლიტიკურ სპეკულაციას“, – განაცხადა ვოლსკიმ.