ქალმა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა, განყოფილება ხელწერილის საფუძველზე დატოვა.
დაკავების დროს პოლიციამ ნინო შენგელიაზე ფიზიკურად იძალადა. მისი თქმით, ოქმში არსებული ჩანაწერი, რომელშიც დაკავების მიზეზად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაა მითითებული, სიმართლე არ არის.
„სავალი ქუჩის გადაკეტვა ხდებოდა და გამოიწიეთო და გამოვიწიეთ. ამ დროს ბევრი პოლიციელი გამოვარდა, ვიღაცები გათელეს და რა შვებით-მეთქი, ვკითხე. მომვარდნენ, დამაგდეს ძირს, მირტყამდნენ წიხლებს და მერე აღარ მახსოვს, სიმართლე რომ გითხრათ. აღმოვჩნდი აქ. გაოგნებული ვარ. ოქმი შეადგინეს, მე დავწერე, რომ არ ვეთანხმები”. – თქვა ნინო შენგელიამ „ფორმულასთან”.
ნინო შენგელია სხვა რამდენიმე ადამიანთან ერთად სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ დააკავეს.
უჩა აბაშიძესთან სახლში პოლიცია ღამით შევიდა. შსს-ის მტკიცებით, მისი საცხოვრებელი ბინიდან სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ასევე, უწყების ცნობით, შსს-ს სხვადასხვა სამთავრობო უწყების – შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება აქვს დაწყებული, „რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს”.
ოჯახის ინფორმაციით, უჩა აბაშიძეს არ მიეცა ადვოკატებთან დარეკვის შესაძლებლობა. მოგვიანებით, მოქალაქეები მის საცხოვრებელ სახლთან სოლიდარობის მიზნით შეიკრიბნენ.
ასევე, ოჯახის და მეგობრების განცხადებით, ის იარაღი, რისი ვიდეო მასალაც შსს-მ გაავრცელა, სიმულაციური თამაშის, „ეარსოფტის” სათამაშო თოფებია.