ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი „იმედგამაცრუებელს” უწოდებს, რომ გაეროში დევნილების დაბრუნებაზე საქართველოს რეზოლუცია ყოველ წელს მიიღება „ამ საკითხზე აფხაზური მხარის აზრის და პოზიციების გათვალსწინების გარეშე”.
„სამწუხაროდ, აფხაზური მხარის ყველა მოთხოვნა, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის თანაბარი პირობები იყოს უზრუნველყოფილი, სრულიად იგნორირებულია”. – აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ „ეს დოკუმენტი, რომელიც ყოველწლიურად წარედგინება გაეროს გენერალური ასამბლეას საქართველოს ინიციატივით, არის ღიად მიკერძოებული, ჩამოყალიბებულია ყველა მხარის აზრის გათვალისწინების გარეშე და არ ასახავს რეალურ ვითარებას რეგიონში”.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდებს, „გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და უზრუნველყოს აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობა გაეროს შესაბამისი კომიტეტების მუშაობაში”.
რეჟიმი ასევე მოუწოდებს საქართველოს, „უარი თქვას ამ რეზოლუციის ხელშეწყობის მანკიერ პრაქტიკაზე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და დაიწყოს სრულფასოვანი დიალოგი ერთადერთი არსებული საერთაშორისო ფორმატის – ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში”.
4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო, სახელწოდებით: „აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.
რეზოლუცია აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
რეზოლუციას მხარი 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 9 ქვეყანამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, 52 ქვეყანა კი კენჭისყრას არ ესწრებოდა.
რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის იყო სომხეთი, რომელმაც ამ რეზოლუციას ხმა პირველად მისცა. ხოლო საქართველოს ახალმა „სტრატეგიულმა პარნტიორმა“, ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
„ქართული ოცნების” ხელსუფლებამ ჩინეთს მადლობა გადაუხადა, რომ „ისე მოიქცნენ, როგორც წინა წლებში”.
2008 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩინეთს მხარი არასდროს დაუჭერია გაეროში საქართველოს რეზოლუციისთვის „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. 2022 წლის 8 ივნისს კი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩინეთმა ამ რეზოლუციის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.
იმავე წელს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მაშინდელმა ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძიმბამ ჩინეთს საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის მადლობა გადაუხადა.