გლდანის ტბის ირგვლივ | უკანონოდ გასხვისებული ქონება სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს

პუბლიკა
მედეა გოგსაძე
გლდანის ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფი

მედიაში არაერთხელ გაშუქდა გლდანის დიდი ტბის (იმავე  „თეთრი ტბის“) გადასარჩენად მიმართული ბრძოლის პერიპეტიები. აღნიშნული ბუნებრივი წყალსატევი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა – შრობა-დაჭაობება, წყლის ფაუნის დაღუპვა, კოღოების სიმრავლე და გაუსაძლისი სიმყრალე. ტბაზე განვითარებულმა ეკოკატასტროფამ გაუსაძლისი პირობები შექმნა. ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები ზაფხულობით ფანჯრებს ვერ აღებენ.

სანიაღვრე გზები შემოვლითი რკინიგზის გაყვანას შეეწირა, რამაც ტბის შრობა-დაჭაობება განაპირობა, ხოლო წყლის დაბინძურებამ – თევზების მასობრივად განადგურება. მიწისქვეშა წყლების მცირე რესურსი რომ არა, გლდანის დიდი ტბა უკვე დიდი ხანია დაშრებოდა.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეები შიშობდნენ, რომ ტბის დაშრობა მავანთა ინტერესებშია, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კორპუსების წამოსაჭიმად და ჯიბის გასასქელებლად. ეს შიში სრულად ჯერაც არ გაქარწყლებულა.

საბოლოოდ მერიამ ყურად იღო მოქალაქეთა დაჟინებული მოთხოვნები. მისი დაკვეთით,  შპს GAMMA CONSULTING-მა ჩაატარა კვლევა და აპრილის ბოლოს უწყებას მიაწოდა ტბის აღდგენის რეკომენდაციები, რომლებიც ფრიად დამაიმედებელია. დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება სანიაღვრე არხების მოწესრიგება, აგრეთვე, ორი აღმოჩენილი წყაროსა და GWP რესურსის გამოყენება. ქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტბის გადარჩენის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება, თუმცა თარიღი არ დაუკონკრეტებია.

სოციალურ ქსელში გამოთქმული შეფასებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ადგილობრივების ნაწილმა მოიწონა მერის გამოსვლა და ეჭვიც არ ეპარება, რომ ის სიტყვას შეასრულებს, მეორე ნაწილი კი, თარიღის გაურკვევლობის გამო, ძალზე სკეპტიკურადაა განწყობილი, რაც სავსებით ლოგიკურია. როგორც ჩანს, მოქალაქეთა ამ ნაწილს კარგად ახსოვს, როგორ აწყდებოდა თვეების მანძილზე საინიციატივო ჯგუფი ბიუროკრატიულ ბარიერებს, საქმის გაჯანჯლებას, ისმენდა ცარიელ დაპირებებსა და ა.შ. ამიტომ მათ მხოლოდ კონკრეტული ვადები და ოპერატიულობა დაარწმუნებთ.

***

გლდანის ტბის ირგვლივ არსებული პერიპეტიები მხოლოდ ზემოთ აღნიშნული საკითხებით არ შემოიფარგლება, არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელზე საუბარსაც ოფიციალური პირები თავს არიდებენ; კერძოდ, საჯარო მოხელეთა  მიერ უფლებამოსილების გადამეტება, რის შედეგადაც სახელმწიფო ქონება, ანუ ტბის ტერიტორია (ფსკერის დიდი ნაწილი და სანაპირო ზოლის მონაკვეთი) კერძო პირების ხელში აღმოჩნდა. კერძო პირის ხელში ამ ტერიტორიის არსებობა კი არის ის ნაღმი, რომელიც ადგილობრივებს მოსვენებისა და მოდუნების უფლებას არ გვაძლევს.

ამავე დროს, ზურგს გვიმაგრებს „წყლის შესახებ“ კანონიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფოს საკუთრებაა და მხოლოდ სარგებლობისთვის გაიცემა, ანუ საკუთრივ ტბა (წყლის მასა)  სახელმწიფოს ეკუთვნის, ხოლო მოქალაქე ნატალია კვანტალიანი  და მისი ოჯახის წევრები ფსკერის დიდ ნაწილს და სანაპირო ზოლის მცირე მონაკვეთს ფლობენ.

რამდენად კანონმდებლობის დაცვით მოხვდა ეს ტერიტორია კერძო მესაკუთრის ხელში – ეს არის ის საკითხი, რომლის ირგვლივაც ჩვენი – საინიციატივო ჯგუფის ძირითადი ძალისხმევაა მიმართული. გვაქვს კონკრეტული ფაქტები, რომლითაც საჯარო მოხელეთა მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცების საქმეში ხელშეწყობაზე მივუთითებთ. ამ საკითხების აქ აღწერით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა გეტყვით იმას, რომ ამა წლის იანვარში, პარლამენტში შევიტანეთ განცხადება და მივაწოდეთ აღნიშნული ფაქტების ამსახველი დოკუმენტაცია. მოვითხოვდით კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლიდა ტბის ტერიტორიის გასხვისების ფაქტს და, საჭიროების შემთხვევაში, დასკვნას საგამოძიებო სტრუქტურებს გადასცემდა. ჩვენი განცხადება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს დაეწერა. პასუხად მივიღეთ ხანგრძლივი დუმილი; ბოლოს, მრავალჯერადი რეკვა-მოთხოვნის შემდეგ, გვიპასუხეს – ამ ფაქტზე რეაგირება  კომიტეტის კომპეტენციას სცილდებოდაო.

როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებთან ვერაფერს გავხდით, გლდანის დიდი ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საჩივარი პროკურატურაში შევიტანეთ, ანუ გამოვიყენეთ უფლება, რომელსაც ფიზიკურ პირებს მოქმედი კანონმდებლობა გვანიჭებდა.

განცხადებაში აღვწერეთ საქმის ვითარება  და მოვითხოვეთ:

1) საჯარო მოხელეთა მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცების სავარაუდო ხელშეწყობის ფაქტის გამოძიება, დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, კვალიფიკაციის მინიჭება და კანონის მიხედვით რეაგირება;

2) იმ საბუთების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზე ტბა ტბორად, ხოლო მისი ტერიტორია – სახნავ მიწად გამოცხადდა.

უკვე დაიწყო წინასწარი მოკვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც პროკურატურამ საქმე უნდა აღძრას. საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩართულნი ვართ პროცესში; გამოძიებას  მივაწოდეთ აუცილებელი ინფორმაცია და ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტები. თუ  მოხელეთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ხანგრძლივი ბრძოლა რომელიმე სხვა ტბის ან ტყისთვის, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ხანდაზმულობის ვადა ამოქმედდეს და დასჯას გადაურჩნენ.

ჩნდება კიდევ ერთი, შესაძლოა, რიტორიკული შეკითხვა: საერთოდ რატომ უნდა დაგვჭირვებოდა სახელმწიფო საკუთრების დასაცავად პროკურატურაში განცხადების შეტანა, როდესაც ამ საკუთრებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები არსებობს?

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ტბის ტერიტორია სახელმწიფოს დაუბრუნდეს. ეს მესაკუთრისთვის კომპენსაციის გადახდით მოხდება, ადგილმონაცვლეობით, თუ რაიმე სხვა გზით, ესეც გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული. თუ ტბა კერძო მფლობელის ხელში დარჩა, არაა გამორიცხული, გაყიდვა-გადაყიდვა გაგრძელდეს, რაც ტბისთვის გაუთვალისწინებელ შედეგებს მოიტანს.

მოსახლეობის უპირველესი მოთხოვნა ტბის გადარჩენა-გაჯანსაღებაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია ტბის გარშემო მასშტაბური სარეკრეაციო ზონის მოწყობა. ამ მხრივ ჯერჯერობით მხოლოდ ლამაზი იდეები არსებობს. ვფიქრობ, კულტურის, სპორტისა და დასვენების პარკი ყველა იდეას ჰარმონიულად გააერთიანებდა. დიდუბე-ჩუღურეთს აქვს მუშთაიდის ბაღი; სოლოლაკსა და ორთაჭალას – ბოტანიკური ბაღი; მთაწმინდას და მის ქვემოთ მიმდებარე ტერიტორიას – ფუნიკულიორი და ალექსანდრეს ბაღები, ვერას – ვერის ბაღი… თითოეულ მათგანს კი – ლამაზი და ხანგრძლივი ისტორია.

აუცილებელია, თბილისის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონშიც მოეწყოს ვრცელი პარკი/ბაღი, სადაც ხალხი დაისვენებს, მოეწყობა კულტურული და სპორტული ღონისძიებები და რომლის ისტორიაც გაგრძელდება. ტბა ბუნების საჩუქარია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ჯეროვნად გამოვიყენოთ. ამისათვის აუცილებელია მოქალაქეთა აქტიურობა და სახელმწიფოს კეთილი ნება.

სახელმწიფო მოხელეებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ხალხის მსახურნი არიან. გლდანის ტბის ტერიტორიის გასხვისება, რკინიგზის გაჭრისას ეკოლოგიური ფაქტორის  გაუთვალისწინებლობა, პრობლემის მრავალწლიანი შეუმჩნევლობა და ხალხის მოთხოვნების მრავალთვიანი უგულებელყოფა ამისი თვალსაჩინო მაგალითია. იმედია, მერია ამჯერად თავის დაპირებას ოპერატიულად, ხარისხიანად შეასრულებს და საინიციატივო ჯგუფის წევრებს ინსტანციებში სირბილი აღარ დაგვჭირდება.