სიღარიბის ტრიუმფი

ალექს ჩიღვინაძე

გვიანი გაზაფხულის ერთ მზიან დღეს, ორ ხეს შუა გამოჩხრულ სკამზე ვისხედით მე და გაბუნია. უბანში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. გაბუნიამ მაშინ დასვა კითხვა, რომლის მსგავს კითხვებსაც, მრავლად ვსვამდით იმ თავზე საყრელ დროში, რომელიც მალე გვექცეოდა შფოთებად, უიმედობად და უდროობად.

გაბუნია დაინტერესდა, ვისი კლასი უფრო მეტს გააკეთებდა მომავალში. რომელი კლასი უფრო გამოადგებოდა ქვეყანას, ჩემი VII ა თუ პარალელური, VII ბე? კითხვის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ბ კლასში ორი “მომავალი” და სამი პერსპექტიული ფეხბურთელი სწავლობდა. ჩემს კლასში სპორტსმენებთან ერთად, რამდენიმე “ხუთოსანი” ვიყავით, რომელთა ერთ-ერთი წარმომადგენელიც მწვავე დებატებისთვის ემზადებოდა. მოწინააღმდეგე გამოცდილი მყავდა, ასაკით უფროსი, აფხაზეთიდან დევნილი, ქუჩის ბიჭის მღელვარე ცხოვრებით, განსხვავებით ჩემგან, ვისაც რძეც კი არ შეშრობოდა ტუჩზე. ან რა შემაშრებოდა, სად იყო მაშინ რძე?!

“უეჭველი ჩემი კლასი!” – ვთქვი დაბეჯითებით. მე ხომ მხოლოდ გუშინ გავიმარჯვე ფიზიკის რესპუბლიკურ ტურში. გუშინწინ დავასრულე “ანა კარენინას” კითხვა, მართალია არაფერი ვიცოდი მთავარი გმირის ტრაგიკულ აღსასრულზე, რადგან 80 წლის წინ გამოცემული წიგნის პირველ ტომს, თავფურცელი არ ჰქონდა. მომეჩვენა, რომ უეცრად და ცოტა უცნაურად დამთავრდა რომანი, მაგრამ აბა, რას შევცვლიდი ამ ერთი ოჯახის გამოგონილ უბედურებაში, როცა ცხვირწინ შევყურებდი ამდენ ერთფეროვან და ნამდვილ უბედურებას.

მოკლედ მე ნახევრად წაკითხული ტოლსტოი მიმაგრებდა ზურგს, გაბუნიას კი მანველიძის “მგლები” და ქუჩის ბიჭობის რამდენიმე წლიანი სტაჟი. ა თუ ბ? შევყევით კამათს. რა ვიცოდით მაშინ მე და გაბუნიამ მარქსი, რომელიც ალბათ შენიშნავდა, რომ სინამდვილეში, VII აც და VII ბეც ერთი ბედკრული კლასის, მუშათა კლასის შვილები ვიყავით, გარეუბნის გაპარტახებულ საჯარო სკოლაში.

ვცდილობდი დამესაბუთებინა, ჩემი ფრაგმენტული და ზედაპირული ცოდნით, რომ ქვეყნის მომავალი შეუძლებელი იქნებოდა მეცნიერების, განათლების, ლიტერატურის გარეშე. გაბუნია კი მიმტკიცებდა, რომ ქურდულ სამყაროსა და სპორტში წარჩინებას არაფერი შეედრებოდა. რომ ეს უფრო გამოსადეგი იყო, როგორც “ვ ჟიზნე” ანუ ინდივიდუალურად, ისე საჯარო ცხოვრებაში.

არ ვიცი, სად არის ახლა გაბუნია, ემიგრაციაში, ციხეში თუ საკრებულოში. რას ფიქრობს ამ გადმოსახედიდან, მისი პოზიცია ხომ უკეთ აღწერს ჩვენს რეალობას. თანამედროვე საქართველოში არც განათლება ფასობს და ძალაუფლება ვის ხელშია კი ვხედავთ. სახარებაში რომ კითხულობს მათე, “ნუთუ გეგულებათ თქვენს შორის კაცი, შვილმა პური რომ სთხოვოს და ქვა მისცესო? ან თევზი სთხოვოს და გველი მისცესო?”

შეგვიძლია, ვუპასოხოთ, რომ კი, მათე, აი, ჩვენ გვყავს ზუსტად ეგეთი ხელისუფლება, ეგეთი კაცებით. უფასო სასკოლო კვებას ვთხოვოთ და სკოლის ფორმებს გვაჩეჩებს. მინიმალურ ხელფასს ვთხოვთ და მილიონერ დეპუტატებს უზრდის ხელფასს. წამლებს ვითხოვთ და ელექტროენერგიის საფასურს უზოგავს მილიარდერს კრიპტო-ფერმებისთვის.

მოკლედ თუ განვაზოგადებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ცალსახად მეშვიდე ბე კლასია გამარჯვებული. მაგრამ თან მგონია, რომ ეს გამარჯვებაც, ვერ არის მთლად ტრიუმფალური გამარჯვება და თუ რამეა ამ ქვეყანაში ტრიუმფალურად გამარჯვებული – ეს არის სიღარიბე.

ნებისმიერი “სახელმწიფოებრივი” ამბიცია, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და ბუნებრივ მოთხოვნილებებს ეწინააღმდეგება, აუცილებლად სრულდება თაობების ტრავმატიზაციითა და სოციალური კატასტროფით. ის რაც ჩვენ გამოვიარეთ და რასაც გავდივართ, წლების განმავლობაში ილექებოდა და თუნდაც ერთხელ რომ გახვიდე ქუჩაში, ჩახვიდე მეტროში, იმგზავრო გაჭედილი ავტობუსით და დააკვირდე ადამიანებს, ამოიკითხავ, რომ სიღარიბე მხოლოდ ის კი არ არის, როცა ფული რამეში არ გყოფნის, სიღარიბე არის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა, რომელიც გჭამს, გფიტავს და განგრევს.

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ახლაც ვთვლი, რომ მაშინ იმ უხსოვარ და თავზე საყრელ დროში, იმ ორ ხეს შუა გამოჩხერილ სკამზე “კრისტალს ვბაზრობდი”.  შეიძლება მხოლოდ ინტუიციით ვგრძნობდი, მაგრამ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის გამოცდილებაც იგივეს გვეუბნება.

მაგალითად, ირლანდიაში, 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში, ახალგაზრდებისთვისაც წარმატება დუბლინის პორტში გემზე ასვლას ან ლონდონის მშენებლობებზე წასვლას უკავშირდებოდა. ზუსტად ისე, როგორც დღეს საქართველოში, ათასობით ახალგაზრდისთვის ერთადერთ გამოსავალად ემიგრაცია რჩებ.

90-იანი წლების დასაწყისში ირლანდიის მოსახლეობის დაახლოებით 20-25% ცხოვრობდა სიღარიბეში, ისევე როგორც თანამედროვე საქართველოში, სადაც სხვადასხვა მაჩვენებელი კიდევ უფრო ტრაგიკულია, მაგრამ იმდენად მივეჩვიეთ ამ სტატისტიკურ მონაცემებ, მათ გამეორებას, იმდენად მივეჩვიეთ ციფრებში დამშეულ ბავშვებს, რომ საგანგაშოდ არც კი გვეჩვენება, რომ ვთქვათ, ათიათასზე მეტი ბავშვი სკოლის მიღმაა დარჩენილი. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

მაგალითად, ირლადიაში 90-იანი წლებიდან მოქმედებს Youthreach-ის პროგრამა, რომელიც თავიდან დროებით პროგრამად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ დღეს უკვე ასზე მეტი ასეთი ცენტრია ირლანდიაში. ბავშვებს, ვინც გარკვეული მიზეზით სკოლის მიტოვება მოუწია,  სახელმწიფო სტიპენდიას უხდის და ავალდებულებს, რომ დაეუფლონ ხელობას, აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ფსიქოლოგებისა და მენტორების დახმარებით გაუმკლავდნენ ფსიქოლოგიურ გამოწვევებს.

სახელმწიფო კი არ ეუბნება, “რომ შე, უმაქნისო და ზარმაცო, ვერაფერს მიაღწიე და ვერც მიაღწევ. ნარკომანო, მუშაობა შენ არ გინდა. ემიგრაციაშიც იმიტომ მიდიხარ, რომ მოიპაროო.არა, ეუბნება, რომ „შენი დრო და ენერგია ქვეყნისთვის ღირებულია, ამიტომ გადაგიხდი, რომ ქუჩაში დგომის ნაცვლად, ისწავლო და გაძლიერდე.” ამ პროგრამის დასრულების შემდეგ დიდი ნაწილი საქმდება ან აგრძელებს სწავლას პროფესიულ სასწავლებლებში. საქართველოში კი ამ მეორე შანსს როგორ მივცემთ, როცა ბავშვებს პირველი შანსიც კი არ ეძლევათ?

2024 წელს, რუმინელმა ემიგრანტმა, დუბლინში, მეთერთმეტე საუკუნის ეკლესიაში ხანძარი გააჩინა და გაანადგურა 8 საუკუნის 5 მუმიფიცირებული ნეშტი. ამის შემდეგ 6 წლით აღმოჩნდა ციხეში. ციხეში მიიღო ფსიქოლოგის სერტიფიკატი და აპირებს, რომ დაეხმაროს მათ, ვისაც მსგავსი ტრავმები აქვს. ანუ ადამიანმა, ემიგრანტმა, გაანადგურა ისტორიული ძეგლი, სახელმწიფოს მიაყენა ასიათასობით ევროს ზარალი და მიიღო მეორე შანსი. საქართველოს სახელმწიფომ კი ციხეში გამოკეტა ახალგაზრდები, სტუდენტები და აბიტურიენტები, ქაღალდის ხელსახოცის სროლის და პლასტმასის ჩხირის მოქნევის გამო.

ირლანდია ერთ ბავშვზე წელიწადში 11,000-დან 13,000 ევრომდე ხარჯავს, რადგან ახალგაზრდის ქუჩაში დატოვება, მისი ციხეში შენახვა ან უმუშევრობის შემწეობაზე ყოფნა ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად ძვირი უჯდება. მსგავს პროგრამაში ჩადებული 1 ევრო სახელმწიფოს შვიდმაგად უბრუნდება.

„რა ხდება ამ დროს საქართველოში? ჩვენი სახელმწიფო ბეტონში უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე ბავშვებში. მილიონობით ლარი იფლანგება „ერთჯერად“ ინფრასტრუქტურაში, მთავარია წითელი ლენტი გაიჭრას, ჩაიბარონ და არავის აინტერესებს ის, რომ ახალდაგებული ფილები ირყევა, ახალი გადახურვიდან წყალი ჟონავს.

სამაგიეროდ, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ერთ სულ მოსახლეზე სახელმწიფო ავტომობილების რაოდენობით. ამ მანქანების ყიდვა, განახლება, დაზღვევა და საწვავი ასობით მილიონი ლარი უჯდება და ამ ფუფუნების ხარჯებს რა თქმა უნდა, ჩვენ, ამ ქვეყნის მრავალჭირნახული მოსახლეობა ვაფინანსებთ.

სახელმწიფო ფულს ხარჯავს ფულს პროპაგანდაში, იმაში, რომ დაგვარწმუნოს, თითქოს კარგად ვცხოვრობთ. საზოგადოებრივ მაუწყებელი, 100 000 მილიონიანი ბიუჯეტით, ერთ დღეს უბრალოდ რომ გაქრეს, შეამჩნევს ვინმე? თუნდაც ერთი სატელევიზო პროექტი გახსენდებათ, რომელსაც საზოგადოებისთვის რაიმე სახის სარგებელი მოაქვს?

კულტურის სამინისტროს 300 მილიონიანი დაფინანსება აქვს. რა გაუკეთებია ისეთი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის? ვისთვის იქმნება ხელოვნება საქართველოში?

ან სახელმწიფო პროგრამები, რომელიც თითქოს ბიზნესის ხელშეწყობისთვის კი შეიქმნა, მაგრამ რეალურად ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის, გრანტის მიღების ბრწყინვალე შესაძლებლობა ტრანსფორმირდა.

მოკლედ ოცნების ჩინოვნიკების ერთერთი საყვარელი სიტყვა, “ოპტიმიზაცია”, რომ გამოვიყენოთ,  ოპტიმიზაციის და ბიუჯეტის სამართლიანად გადანაწილების შემთხვევაში ხომ არ გამოთავისუფლდება ის თანხა, რომ წამლისთვის აქციების გამართვა არ მოგვიწიოს? ხომ არ გამოთავისუფლდება თანხა ისეთი მიდგომებისთვის, როგორიც არის მაგალითად Youthreach ირლანდიაში?

როცა მმართველი პარტია ხვდება ახალგაზრდებს რეგიონებში და მილიარდერის ვაჟი ამბობს, რომ დებატებია საჭირო. სად გაიმართოს ეს დებატები? ბირჟებზე თუ იმ აეროპორტში, სადაც შრომითი მიგრანტების რიგები დგას?

საქართველოს ყველა ქალაქშია კულტურის სახლი. ხომ შეიძლება რომ ეს კულტურის სახლები იქცეს სახლებად იმ ბავშვებისთვის, ვინც საჭიროებენ ზრუნვას და თანადგომას. იქცეს სახლებად, ბირჟაზე დგომას იქ შესვლას რომ ამჯობინებ, სადაც მიგესვლება, სადაც გეიმედება ვინმე, სადაც მიიღებ განათლებას.  მზია ამაღლობელი და ზვიად რატიანი ციხეში როგორ უნდა ისხდნენ, როცა მათ ცოდნა ფასდაუდებელია და შეუძლიათ ეს ცოდნა ბავშვებს გაუზიარონ. მასწავლებლებს, მწერლებს, მსახიობებს, მევენახეებს, მუსიკოსებს, სახელმწიფო ტროტუარზე დგომის გამო კი არ უნდა აპატიმრებდეს, არამედ ეპატიჟებოდეს და რთავდეს საგანმათლებლო პროგრამებში.  მხოლოდ ასე შეიძლება იქცეს საქართველო ისეთ ქვეყანად, სადაც ადამიანს ღირსეული ცხოვრების შანსი გაუჩნდებათ, ჯერ პირველი შანსი და როცა დასჭირდებათ მეორე და მესამე შანსიც არ დააყოვნებს.

აბა, რას იტყვი გაბო? ხომ არ ღირს ცდად? თუ ისევ “ფუტბოლისტების” და “ბეზ პიწი მინუტ ქურდების” იმედად დავრჩეთ?