„სადაა დაპირებული 500-ლარიანი მატება?“ - პედაგოგები ახალ სახელფასო პოლიტიკას აკრიტიკებენ

პუბლიკა

20 ივნისს გამოქვეყნდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, რომელიც მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობების ადგენს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

სამინისტროს მიერ პედაგოგთა ხელფასების დაანგარიშების ახალ ფორმულას კრიტიკულად აფასებენ პედაგოგები.

როგორც პედაგოგები ამბობენ, დანაპირები, რომლის მიხედვითაც მათი ხელფასი საშუალოდ 500 ლარით უნდა გაზრდილიყო, შემოთავაზებული დაანგარიშების მიხედვით არ სრულდება. პედაგოგები ამბობენ რომ ახალი სახელფასო პოლიტიკით „იმედგაცრუებული არიან“ და „თავს მოტყუებულად მიიჩნევენ“.

მასწავლებლების მოლოდინი ეფუძნებოდა მთავრობის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდებოდა.

უფრო კონკრეტულად კი, მთავრობის მიერ გავრცელებულ ონფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ:

500 ლარით ხელფასი ეზრდება – 21 000-მდე მასწავლებელს; 600 ლარით – 8000-მდე მასწავლებელს; 700 ლარით – 5000-მდე მასწავლებელს; 800 ლარით – 3000-მდე მასწავლებელს; დაახლოებით 25%-მდე მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება.

ნანა დაბრუნდაშვილი, მაგისტრი-მენტორი მასწავლებელი, 35-წლიანი სამუშაო-პედაგოგიური გამოცდილებით, რომელსაც 20 საათიანი სამუშაო დატვირთვა აქვს, წერს, რომ ახალი დაანგარიშებით, სავარაუდოდ 190 ლარით ემატება ხელფასი.

ნანა დაბრუნდაშვილმა ახალი სახელფასო პოლიტიკის შესახებ პოსტი გამოქვეყნა, სადაც დეტალურად აქვს შეფასებული თუ როგორ შეიძლება აისახოს პედაგოგის საქმიანობაზე შემოთავაზებული სახელფასო პოლიტიკა.

როგორც პედაგოგი აღწერს, მართალია ახალი სახელფასო პოლიტიკით, თითქმის 3-ჯერ მოიმატა 1 საათის ღირებულებამ, რაც კარგია, თუმცა სრულიად უგულვებელყოფილია მასწავლებელთა სტატუსები – ანუ თვითგანვითარებისა და წინსვლისთვის დახარჯული უზარმაზარი ენერგია, დრო, თანხა და ძალისხმევა. მისი შეფასებით პორბლემურია ისიც, რომ „ხელფასისთვის მთავარია ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობა, ხარისხი კი  აღარაა მნიშვნელოვანი.“

პედაგოგი რამდენიმე პრობლემურ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. მიიჩნევს, რომ ხელფასის განაწილების ახალი ფორმულა პირველ რიგში შიდა სასკოლო სივრცეში დაძაბულობის მატებას და კოლეგების დაპირისპირებას გამოიწვევს.

„მასწავლებლები ეცდებიან აიღონ რაც შეიძლება მეტი საათი, რადგან – თუ 18 საათში იღებ 1,790 ლარს, 25 საათში აიღებ 2,350 ლარს.“

პედაგოგის შეფასებით, ამგვარი კონკურენცია კი გაართულებს ახალი კადრების სკოლაში შესვლას, რადგან საათებს სკოლაში უკვე არსებული მასწავლებლები გადაინაწილებენ.

„წინსვლაზე აღარავინ იქნება ორიენტირებული, რადგან წინსვლისთვის ბენეფიტები აღარაფერია-ვინც თავი არ შეიწუხა, ის უფრო დააფასეს, მათ უფრო მნიშვნელოვნად გაეზარდათ ხელფასები -არ თქვათ რატომაა ეს ცუდიო? ცუდი ისაა, რომ წინსვლას არ ახალისებთ.

ხარისხი საერთოდ უგულვებელყოფილია, რადგან ბევრი გაკვეთილი უფრო მეტ ძალას და ენერგიას მოითხოვს, ასევე რაც უნდა ბევრი იძახოთ ვისზე ნაკლებ გაკვეთილს ვატარებო, თუ წინსვლაზე არ ზრუნავ, ბევრს არ კითხულობ და სიახლეებს არ ეცნობი, იმასაც კი ვერ გაარკვევ, რომ რუსეთი მტერია – ისტორიის მასწავლებელიც რომ იყო.“

პედაგოგი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 1 საათის ანაზღაურება თითქმის 3-ჯერ გაზარდეს, „სტაჟებს შორის განსხვავება სასაცილოა, პროფესიაში ახლად შესულსა და 35 ან მეტი წლის სტაჟის მქონეს შორის განსხვავება მხოლოდ 30 ლარია, ისიც საათებზე დამოკიდებული.“

მისივე შეფასებით, განათლება-კვალიფიკაციის სარგო და სტატუსის დანამატიც დაკნინებულია.

„ყველა სტატუსიანს ხომ დაგვცინეს, მაგრამ განსაკუთრებით მათ დასცინეს, შარშან რომ პორტფოლიოები დაუხარვეზეს, სწორედ ახლახანს რომ ატვირთეს ახალი მასალები და შიშით და გულისფანცქალით ელიან გასაუბრებებს, რა შესთავაზეს მათ?- რა ძალა გედგათ, სულ ტყუილად განერვიულეთ და გატირეთ მთელი წელიო?!

მოკლედ, კარგი წინასაარჩევნო ტრიუკი ჩაგვიტარეს, მაგრამ კარგად მაინც ვერ გათვალეს, რადგან მასწავლებელთა დიდი ნაწილი უკვე სტატუსიანია და იმედებიც ბევრს გაგვიცრუეს- აბა სადაა დაპირებული 500 ლარიანი მატება?“,- წერს ნანა დაბრუნდაშვილი საჯარო პოსტში.

პედაგოგი თამარ ცანავა, რომელსაც აქვს წამყვანის სტატუსი და 17 საათი დატვირთვა, ახალი დაანგარიშების მიხედვით, ვარაუდობს, რომ  ხელზე ასაღები ხელფასი 209 ლარით მოემატება:

„მოდი დავთვალოთ ჩემი ხელფასი, 17 საათი -1710ლ სტაჟი (10+)- 45 ლ ბაკალავრი- 20 ლ სადამრიგებლო-101.25 ლ წამყვანის დანამატი-150 ლ (950 ლარი გვქონდა წამყვანის დანამატი, ხელზე ასაღები) ჯამში – 2026.25 ლარი გამოვაკლოთ 20% და 2% (საპენსიო, რომელიც არასოდეს დაბრუნდება უკან) დარჩა 1580 ლარი და “კიდო კაპიკები” ჩემი ხელფასი იყო 1371 ლარი ანუ მომემატა 209 ლარი.  არ დაგვავიწყდეს იანვრიდან დღემდე არ მოცემული 125 ლარი (ხელზე ასაღები 98) რომ დაგვაკლეს 6 თვე ანუ რეალურად 111 ლარია ჩემი ხელფასის ნამატი“,- წერს თამარ ცანავა საჯარო პოსტში.

ახალ სახელფასო პოლიტიკას კრიტიკულად აფასებს მენტორი პედაგოგი ეკატერინე წულუკიძეც:

„დღეს მე ვარ თქვენგან დასჯილი მასწავლებელი,რომელმაც წლების წინ დიდი შეცდომა დაუშვა,ჩააბარა გამოცდები,იწვალა,იშრომა,თავადაც განვითარდა და უამრავ კოლეგას დაეხმარა უანგაროდ პროფესიულ თუ კარიერულ წინსვლაში,განახორციელა უამრავი სათემო,სასკოლო და საერთაშორისო პროექტი,მისმა მოსწავლეებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე და დღეს,თქვენ, მე ჩამიკალით ის მოტივაცია,რომელსაც ჩემი ღირსებით მოპოვებული სტატუსი და მისით მიღებული ანაზღაურების ოდენობა მაძლევდა“,- წერს ეკატერინე წულუკიძე საჯარო პოსტში.

 

რა ფორმულით დაანგარიშდება მასწავლებლის ხელფასი – რა წერია ბრძანებაში

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და დანამატებს.

მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო დაანგარიშდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია; სამუშაო სტაჟი; სამუშაო დატვირთვა.

დაანგარიშებისას გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ თანხებს აკლდება საშემოსავლო გადასახადი – 20% და საპენსიო შენატანი 2%.

განათლების სამინისტროში განმრტავენ, რომ თუ მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გაანგარიშების ახალი წესით ნაკლებია 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მიღებულ ანაზღაურებაზე, 2 წლის განმავლობაში მასწავლებელს უნარჩუნდება ძველი ანაზღაურება და მიეცემა დამატებით 200 ლარი და  200-ლარიანი მატება შენარჩუნდება გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგაც.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში განმარტავენ, ახალი სახელფასო პოლიტიკა „ახალ ლოგიკაზეა” აწყობილი და ანაზღაურების ძირითადი წილი საათობრივ დატვირთვაზე გადავიდა. შესაბამისად, ახალი სახელფასო პოლიტიკით, წამყვან და მენტორი მასწავლებლების დანამატს შორის დიდი სხვაობა აღარაა, უფროსი მასწავლებლის დანამატი კი – აღარ არსებობს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის შესაბამისი ოდენობა:

  • ბაკალავრის სტატუსის მქონეს – 20 ლარი;
  • მაგისტრის სტატუსის მქონეს – 40 ლარი;
  • დოქტორის სტატუსის მქონეს – 100 ლარი.

მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის სამუშაო სტაჟის შემდეგი ოდენობა:

  • 0-დან 5 წლის ჩათვლით – 15 ლარი;
  • 5-დან 10 წლის ჩათვლით – 30 ლარი;
  • 10 წლის ზემოთ – 45 ლარი;

მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, მასწავლებლის  თანამდებობრივ სარგოზე დანამატები განისაზღვრება შემდეგი სახით:

  • კლასკომპლექტით სწავლება – 40.50 ლარი;
  • არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 40,50 ლარი;
  • კლასის დამრიგებლობა – 101.25 ლარი;
  • მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი,  სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში, 150 ლარი იქნება, ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.
  • წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 ლარი;
  • მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.

კვირაში ერთი გაკვეთილის ჩატარებისთვის ყველა მასწავლებლის ხელფასი 94 ლარიდან განისაზღვრა. ბრძანებაში მოცემულია საათობრივი ანაზღაურების ცხრილიც:

 

დოკუმენტში ასევე წერია, რომ თუ ახალი წესით და ძველი წესით დაანგარიშებულ ხელფასებს შორის სხვაობა არ იწვევს 200 ლარის ოდენობით ხელფასის ზრდას, მაშინ მასწავლებელს საათობრივი დატვირთვის მიუხედავად, გაზრდილი ანაზღაურება მიეცემა მინიმუმ 200 ლარის ოდენობით.

 

როგორ პასუხობს სამინისტრო პედაგოგების კრიტიკას

პედაგოგთა კრიტიკის პასუხად სამინისტროში ამბობენ, რომ მასწავლებელთა ახალ სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით „მიზანმიმართულად მიმდინარეობს ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის დაზიანება და სახელფასო რეფორმის დაკნინება“ და ცრუ ინფორმაციას უწოდებენ, რომ თითქოს მასწავლებლებს ხელფასი აკლდებათ და წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხარჯზე ხდება უფროსი პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდა.

სამინისტრო აქვეყნებს საინფორმაციო ქარდებსაც, რომლებზეც ძველი და ახალი ფორმულით პედაგოგების ხელფასებს შორის სხვაობაა დაანგარიშებული

 

სამინისტრომ გამოაქვეყნა აქტუალურ შეკითხვებზე პასუხებიც. გთავაზობთ, პედაგოგებისთვის რამდენიმე აქტუალურ შეკითხვაზე სამინისტროს პასუხს:

 

მაქვს 7 საათი, სკოლაში მეტი საათი არ არის. ვარ მენტორი და ვიღებდი 2023 ლარს. ვიცი, რომ ახალი ხელფასით აქცენტს აკეთებთ საათებზე და გამომდის 1011 ლარი. რომელი თანხა მომეცემა?
– 2 წლის განმავლობაში გინარჩუნდებათ 2023 ლარი და დამატებით გეძლევათ 200 ლარი. ასევე, 1 ივლისიდან, საშვებულებო პერიოდშიც მოგეცემათ როგორც 2023 ლარი, ასევე დამატებით 200 ლარი, ცალკე ივლისის და ცალკე აგვისტოს თვის.
ვარ წამყვანი მასწავლებელი, ვასწავლი 4 მცირეკონტინგენტიან სკოლაში. არსად არ არის ბევრი საათი და მცირე საათებზე ვიღებდი სრულ დანამატს ყველა სკოლაში. ახლა ეს დანამატები მომეხსნება? და თან ყველა სკოლაში ვერ ავიღებ?
– 2 წლის განმავლობაში გინარჩუნდებათ ძველი ანაზღაურება ყველა სკოლაში და დამატებით ოთხივე სკოლაში გეძლევათ 200-200 ლარი. შესაბამისად, ჯამურად თქვენ იმ ხელფასს, რომელსაც ახლა იღებთ 800 ლარი ემატება. ეს გაზრდილი ანაზღაურება მოგეცემათ 1 ივლისიდან, საშვებულებო პერიოდშიც, როგორც ივლისის ასევე აგვისტოს თვეში.
დანამატი რომ მქონდა 1475 ლარი, ის დამაკლდა და გახდა 300 ლარი?
– სამჯერ გაიზარდა საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება, რამაც ძირითადად მოიცვა როგორც ძველი დანამატები ასევე საბაზო ხელფასი. 300 ლარიანი დანამატი აღარ არის მიბმული საათებზე და გაიცემა ფიქსირებულად. აქვე განმარტავთ, რომ დაკლება არავის არ შეხებია, პირიქით 200 ლარიანი მატება ყველა მასწავლებელს შეეხო, მიუხედავად საათებისა.
უფროსის დანამატი საერთოდ გააქრეთ?
– სამჯერ გაიზარდა საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება, რამაც ძირითადად მოიცვა როგორც ძველი დანამატები ასევე საბაზო ხელფასი. ეს იყო მასწავლებელთა მრავალწლიანი მოთხოვნა. მაგალითად, უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება 18 საათზე (სტაჟის და კვალიფიკაციის გარეშე) შეადგენდა საბაზო ხელფასს დამატებული უფროსის დანამატი (405 + 795) 1200 ლარს. ახალი სახელფასო სისტემით კი 18 საათზე შეადგენს – 1790 ლარს.

სამინისტროში განმარტავენ, აისქულის ბაზაში ახალი წესით დაანგარიშებული ხელფასები მხოლოდ 5 ივლისს აისახება.