23 წლის ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი წარდგენილია Edison Awards-ის ნომინაციაში – Newcomer („ახალმოსული“). დაჯილდოების ცერემონია 7 ოქტომბერს, ამსტერდამში გაიმართება. 31 ოქტომბერს კი ნიუ–იორკის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში, „კარნეგი ჰოლში“, მისი დებიუტი შედგება.
Meeting My Shadow – „შეხვედრა საკუთარ ჩრდილთან“, სწორედ ასე ჰქვია პიანისტ გიორგი გიგაშვილის პირველ ალბომს, რომელიც წარდგენილია Edisons Awards-ის ნომინაციაში Newcomer . ეს ნიდერლანდების ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოებაა, რომელიც 1960 წლიდან იმართება. ხშირად მას „გრემის“ პრემიასაც ადარებენ, რადგან Edisons Awards-ზე ბევრი დიდი მუსიკოსი იყო და არის წარდგენილი. ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოვებს ხელოვანებს, რომლებმაც მუსიკალურ ინდუსტრიაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს.
ალბომი გასულ წელს გამოვიდა და ერთგვარ საფორტეპიანო მოგზაურობას ჰგავს სკარლატის, ბეთჰოვენის, ბრამსის, სკრიაბინის, მესიანის მუსიკის სამყაროში. ქართველი პიანისტის გვარს თითქმის ყველა პრესტიჟული ევროპული გამოცემის headline-ებში ამოიკითხავთ, ხოლო ევროპისა და ამერიკის პრესტიჟული საკონცერტო დარბაზები მისთვის სულ უფრო ხშირად და იოლად იღება.
ოქტომბერში, „კარნეგი ჰოლში“ გამართული კონცერტისადმი მუსიკის კრიტიკოსთა და მსმენელთა ინტერესი ძალიან დიდია, რადგან გიორგი გიგაშვილი პირველად დაუკრავს ამ დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ბილეთების გაყიდვა პირველი აგვისტოდან დაიწყება, უკვე არსებობს უამრავი შეტყობინება და განაცხადი ბილეთების წინასწარ შეძენის შესახებ.
პროგრამაშია: დომენიკო სკარლატის სამი საფორტეპიანო სონატა, რობერტ შუმანის საფორტეპიანო სონატა N1 (op.11), რომელიც გიორგი გიგაშვილმა უკვე შესრულა 2023 წელს წინანდალში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, შოპენის ბალადა N4 (op. 52, F მინორი) და სერგეი პროკოფიევის სონატა N7 (სი ბემოლ–მაჟორი), რომელსაც თავის დროზე სახელოვან პიანისტთა მთელი არმია ასრულებდა: ვლადიმირ ჰოროვიცი, გლენ გულდი, სვიატოსლავ რიხტერი, მარტა არგერიხი, მაურიციო პოლინი, გრიგორი სოკოლოვი… ასე, რომ გიორგი გიგაშვილი ურთულესი პროგრამითა და ფართო მასშტაბის მუსიკალური ნაწარმოებებით პირველად წარდგება ამერიკელი მსმენელის წინაშე.
მაისში პიანისტი მონაწილეობდა ბავარიის ულამაზეს ელმაუს ისტორიულ სასახლეში გამართული ქართული მუსიკისა და კულინარიის ფესტივალზე. მისი დამაარსებელია სახელოვანი მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილი. სწორედ ელმაუს სასახლეში შესრულდა პირველად ისრაელში მცხოვრები კომპოზიტორის, იოსებ ბარდანაშვილის პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანისათვის to G iya, რომელიც გიორგი გიგაშვილმა და ლიზა ბათიაშვილმა შეასრულეს და რომელიც კომპოზიტორმა გია ყანჩელის ხსოვნას მიუძღვნა.
P.S. გიორგი გიგაშვილი 2000 წელს, თბილისში დაიბადა. თავიდანვე გატაცებული იყო ხალხური სიმღერებითა და მუსიკით. უკვე 13 წლის ასაკში მონაწილეობდა ქართულ The Voice-ში. სწავლობდა ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერ ბავშვთა ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რევაზ თავაძის კლასში ჩაირიცხა.
2019 წლის აპრილში მოიპოვა პირველი პრიზი ვიგოს საფორტეპიანო კონკურსზე, სადაც ჟიურის თავმჯდომარე სახელოვანი მარტა არგერიხი იყო. 2021 წელს მონაწილეობდა გეზა ანდას სახელობის პიანისტთა მეთხუთმეტე საერთაშორისო კონკურში, სადაც სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ამას მოჰყვა მიწვევა ბად კისინგენის Klavier Olymp-ში მონაწილეობის მისაღებად, სადაც პირველი პრიზი და აგრეთვე, აუდიტორიის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
2023 წლის აპრილში პიანისტმა უდიდეს წარმატებას მიღწია. არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე მეორე პრიზი მოიპოვა და ასევე, აუდიტორიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები მიიღო. 2024 წლის გაზაფხულზე კი ტერენს ჯად–ჰალის ჯილდოს მფლობელი გახდა.
2024/2025 წლების სეზონში გიორგი გიგაშვილი დაუკრავს მიუნხენის სიმფონიურ ორკესტრთან, BBC-ის შოტლანდიის სიმფონიურ ორკესტრთან, Hallé Orchestra-თან, ასევე ბერლინის Konzerthausorchester-თან. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა კონცერტები ჰამბურგის Elbphilharmonie-ში, ლაიპციგის Gewandhaus-ში, ვენის Konzerthaus-ში ვენაში და ლონდონის Wigmore Hall-ში.