4 მთავარი ძალა ქარტიის ერთგულია, ეს გზა მიგვიყვანს ევროპამდე - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა და ხვალინდელ აქციასა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.

„მე ვარ კმაყოფილი, ბედნიერი და იმედიანი”. – ასე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი.

„ყველაფერი კარგადაა და კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება და ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, ევროპაში დაბრუნებისთვის, არსებობს ქვეყანაში, რადგან ის 4 მთავარი ძალა, რჩება ერთგული ქარტიისა. ესაა ის რაც ყველაზე მთავარი რაც თქვენ გაძლევთ საშუალებას თვითონ აირჩიოთ თქვენი გემოვნებით, რომელი პარტია უფრო ახლოსაა თქვენს სურვილებთან და გემოვნებასთან, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიისთვის, ჯამი ამ ხმებისა, მიგვიყვანს ევროპაში, ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვეულ-მოხვეულების გარეშე. თქვენ აირჩიეთ, რომელი გირჩევნიათ, და ყველა წავალთ ამ გზაზე.

ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით. ამისი დამადასტურებელი არის ბოლო განცხადებები, რაც მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ასევე დღეს შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც არამხოლოდ გამიმეორა მხარდაჭერა, არამედ გამიმეორა ის, რომ როგორც კი ისინი დაინახავენ ნებას, რომ დავუბრუნდეთ ევროპას, მაშინვე დაგვაბრუნებენ ევროპის გზაზე, მაშინვე აღდგება დახმარებები და ყველანაირი მხარდაჭერა.

ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ ძალიან ბევრნი ვიქნებით და მეც თქვენთან ერთად ვიქნები. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ უარს ვეტყვით ერთპარტიულობას, პოლარიზაციას, ერთმანეთის სიძულვილს. ის გზა, რომელზეც ახლა ვდგავართ, არის გზა განვითარებისა, მშვიდობისა, განათლებისა…  ვიცი, რომ არის მუქარა, ზეწოლა. თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ არაფრის, ჩვენს სწორ გზაზე ვართ. არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც ერთ კვირაში თქვენი ყველა ხმის იქ მიტანის, სადაც გადაწყდება ჩვენი ერთობლივი მომავალი”. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.