საპარლამენტო არჩევნებამდე რვა დღით ადრე კულტურის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა.
თეა წულუკიანის კულტურის სამინისტროდან წასვლის შემდეგ, რომელმაც ოცნების საარჩევნო სიის ათეულში გადაინაცვლა და სავარაუდოდ, პარლამენტში ისევ ხშირად ვიხილავთ, ხელისუფლებამ მინისტრის ვაკანტური ადგილი პოლიტიკურად ნეიტრალური პერსონით შეავსო.
ირაკლი კობახიძემ კულტურის ახალ მინისტრად პროფესიით მუსიკოსი და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უკვე ყოფილი დირექტორი, თინათინ (თიკა) რუხაძე წარადგინა.
„სფეროში, რომელშიც უკვე თითქმის 35 წელია დაუღალავად ვმუშაობ, ვეცდები მაქსიმალური სიკეთე მოვუტანო იმ ხალხს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოში გააქვს… ბევრი მაქვს გამოვლილი. ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა, თუმცა ცუდი მაგალითებიც მქონდა. ვისგან უფრო მეტი ვისწავლე? არ ვიცი, თუმცა უნარები ნამდვილად განმივითარეს. ალბათ, ამის გამო ვარ მიზანმიმართული, პირდაპირი და სტრესგამძლე. ზოგჯერ ჯიუტიც კი! ვარ ნამდვილად ღია კონტაქტებისთვის და პირდაპირი. მიყვარს საქმე და ამიტომ ვარ ემოციური. სიყვარულით გაკეთებული საქმის მჯერა და ეროვნული სასახლე ამის ნათელი მაგალითია. მადლობა საინტერესო გამოცდილებისა და ნდობისთვის“. ეს ახლად დანიშნული კულტურის მინისტრის პირველი რეაქცია და სიტყვებია, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლების ვადის ამოწურვამდე 8 დღე, ხოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, კიდევ 26 დღე მოუწევს სიჯიუტისა და სტრესგამძლეობის გამოვლენა. რადგან წულუკიანის დანატოვარის მოვლა-განვითარებას მართლაც მტკიცე ნერვები და სტრესგამძლეობა სჭირდება.
ექსპერტთა და დარგის წარმომადგენელთა პირველი და უმთავრესი რეაქციებით, თინათინ რუხაძე ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ხანმოკლე დროით არჩეული კულტურის მინისტრი, გამომდინარე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური, არაორდინარული სიტუაციით.
ცხადია, 8 პლუს 26 დღე მხოლოდ ნომინალური ვადაა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, თინათინ რუხაძის კულტურის სამინისტროს მიღმა არსებულ უდიდეს სანაცნობო წრესაც (ყოფილი მინისტრების, ვალერი ასათიანით და მიხეილ გიორგაძით დაწყებული, რეჟისორ დავით დოიაშვილითა და ლექსო თორაძის სახელობის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებლის, ნინო თორაძით დამთავრებული), გასაგები გახდება, რომ მისი პერსონა უფრო დამამშვიდებლის, ტრანკვილიზატორის ფუნქციას შეასრულებს წინაარჩევნო თუ პოსტსაარჩევნო სტრესულ გარემოში.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს გარემოება და პოლიტიკური კონტექსტიც თავად თინათინ რუხაძეს წინასწარ არ გაეთვალისწინებინა. ამიტომ, უმთავრესი შეკითხვები რაც ახლა ყოფილი მუსიკოსის, არტ-მენეჯერისა თუ გამოცდილი დირექტორის მიმართ ჩნდება, ასეთია – როგორ ან რა ძალისხმევით აპირებს ამ ხანმოკლე დროის განმავლობაში აღადგინოს სამინისტროში სამუშაო ატმოსფერო და სიმშვიდე? შემოირიგოს განდგომილები, მიიპატიჟოს სადისკუსოდ ისინი, ვინც წინა მინისტრმა ფაქტობრივად განდევნა სამუშაო სივრციდან, აღადგინოს კინოცენტრსა და მწერალთა სახლში ნორმალური გარემო, შექმნას ყველასათვის მისაღები ატმოსფერო, დაამყაროს ახალი და გააფართოვოს ძველი კონტაქტები არტისტებთან, შეიმუშაოს კულტურის განვითარების პოლიტიკა მონაწილეთა ფართო შემადგენლობით… ეს იმდენად რთული და დიდი მოცულობის სამუშაოა, რომ ძნელია, უფრო წარმოუდგენელიც კი, ამ მოკლე ვადაში რამე არსებითად და ბოლომდე მოესწროს.
აქედან გამომდინარე, ან თინათინ რუხაძეს ესმის და გაცნობიერებული აქვს ეს სირთულე და საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, მაინც აპირებს სირთულესთან შეჭიდებას, რაღაცეების შეცვლას და საზოგადოებისათვის საკუთარი ხედვის წარდგენას; ან მისი დამტკიცება ამ თანამდებობაზე მაინც ფორმალური ხასიათისაა. ანუ, მმართველ პოლიტიკურ ძალას გათვლა იმაზე აქვს, რომ ეს ერთი თვე როგორმე შეუნარჩუნოს არტ-საზოგადოებას მოჩვენებითი სიმშვიდე და ნეიტრალურობა და უკვე მომავალმა, ახალი კოალიციურმა მთავრობამ და ახალმა მინისტრმა თავში იხალონ და გაწმინდონ წულუკიანის მიერ დატოვებული „ავგიას თავლა“.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ თინათინ რუხაძის კანდიდატურას ქალაქის მერი ლობირებდა, რომელთანაც მას პირადი მეგობრობა და სამუშაო გამოცდილება აკავშირებს. სწორედ ამიტომ, უარი ვერ თქვა შემოთავაზებულ თანამდებობაზე. არადა, წლების განმავალობაში რუხაძე ეროვნულ სასახლეში მუშაობაზე იყო ორიენტირებული და იქ გაწელილი რემონტის დასრულება სურდა, რათა განახლებული სასახლის დირექტორის თანამდებობაზე გაეგრძელებინა მუშაობა… და ამის შესახებ თავადაც არაერთხელ განუცხადებია.
გარდა ამისა, მას ძალიან დიდი როლი მიუძღვის 2019 წელს, გია ყანჩელის სახელობის, თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის დაარსებასა და ორკესტრისათვის ინსტრუმენტების შეძენაში. ეს ფაქტი თავად ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მირიან ხუხუნაიშვილმაც დაადასტურა სატელევიზიო ინტერვიუში. თინათინ რუხაძე ასევე, ლექსო თორაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დირექტორია და მის დაარსებაში 2023 წელს ასევე აქტიურად მონაწილეობდა. ამდენად, კიდევ უფრო გასაკვირია, რომ მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს, თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის ერთ-ერთ დამაარსებელსა და ლექსო თორაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დირექტორს, გამოცდილ არტ-მენეჯერს, რატომღაც უცებ მოუნდა კულტურის მინისტრის თანამდებობა; თან ასეთ პოლიტიკურად კრიზისულ პერიოდში.
ასე თუ ისე, თინათინ რუხაძე უკვე ქართული ოცნების ხელისუფლების დანიშნული ბოლო მინისტრია, რომელსაც მოუწევს საკუთარი სიტყვების საქმით დამტკიცება: „მიყვარს ნიჭიერი და ჩემზე ნიჭიერი თუ წარმატებული ადამიანები, მათივე თანადგომით ვარ ან გავხდები გუნდური მოთამაშე. მახარებს სხვისი წარმატება და არასდროს ვარ ჩასაფრებული, რადგან უშეცდომო მხოლოდ ის არის, ვინც თავად არაფერს აკეთებს. ვეცდები ვიყო მხოლოდ განვითარებაზე, მომავალზე და შედეგზე ორიენტირებული. ვიყო ზომიერი, სამართლიანი და მაქსიმალურად ობიექტური“.