ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში ჩატარდა ჩხრეკა

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს უკავშირდებოდა „ქოლცენტრების საქმიანობას”.

უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ღონისძიებები წარიმართა „სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში”, თუმცა განცხადებაში ობიექტები ჩამოთვლილი არ არის. ამასთან უწყებაში არ აღნიშნავენ, ამ საქმის ფარგლებში ჩატარდა თუ არა ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკა. „პუბლიკა” დეტალების გასარკვევად დაკავშირებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ცდილობს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები.

მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან.

ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან.

ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ”, – აცხადებენ უწყებაში.

დღეს თბილისსა და ქუთაისში ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა. გაჩხრიკეს „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის, სოფო გელავას სახლი, წაიღეს მისი, მისი ქმრის, პარტია „ფედერალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ნონიაშვილისა და არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპები, ასევე ტელეფონები.

ჩხრეკა იყო კომპანია Concentrix-ის ოფისში. სოციალურ ქსელში მოქალაქე ონისე ცხადაძემ დაწერა, რომ გაჩხრიკეს მისი და მისი ძმის სახლი. ქუთაისში გაჩხრიკეს მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლი, მისი თქმით, მასთან ქოლცენტრები ახსენეს.

გარდა ამისა ჩხრეკა იყო ეთო ბუზიაშვილის სახლშიც, რომელიც Atlantic Council-ის მკვლევარია.