ბლინკენი: ვუერთდებით დამკვირვებლების მოწოდებებს, ჩატარდეს არჩევნების დარღვევების გამოძიება

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „აშშ გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება“.

ბლინკენი ეყრდნობა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელთა განცხადებითაც, „წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ”.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.

შემდგომი ნაბიჯებისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, დაიცვან კანონის უზენაესობა, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთობლივად იმუშაონ საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული, მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითად თავისუფლებებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა“.

ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე.

საია-მ განაცხადა, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა და ცესკოს მიმართა, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში დუბლირებული სიების გააქტიურება.

4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას.

27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან „აღიარება ნიშნავს საქართველოს რუსეთისთვის დაქვემდებარების აღიარებას”.

„ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ უნგრეთის პრორუსმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიულოცეს. ასევე, შედეგები მოიწონა კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა.

მილოცვა და არჩევნების შედეგების მხარდაჭერა მმართველ პარტიას არცერთი სხვა ქვეყნისგან არ მიუღია.