დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები იმართება – პრეზიდენტობისთვის ორი მთავარი კანდიდატი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იბრძვიან.
New York Times ეროვნული გამოკითხვის მიხედვით წერს, რომ ამ ეტაპზე არცერთ კანდიდატს არ აქვს 1%-ზე მაღალი სხვაობით უპირატესობა და არცერთი კანდიდატი არ ფლობს მნიშვნელოვან უპირატესობას 270 ხმის მოსაპოვებლად. როგორც მედია აღნიშნავს, ბოლო გამოკითხვები მიუთითებს, რომ არჩევნები შესაძლოა ნებისმიერი შედეგით დასრულდეს.
მაგალითად, მერყევ შტატებში NYT-ის გამოკითხვა ასე ნაწილდება:
- არიზონა: დონალდ ტრამპი (50%); კამალა ჰარისი (47%);
- ჯორჯია: დონალდ ტრამპი (49%); კამალა ჰარისი (48%);
- მიჩიგანი: დონალდ ტრამპი (48%); კამალა ჰარისი (49%);
- ნევადა: დონალდ ტრამპი (49%); კამალა ჰარისი (48%);
- ჩრდილოეთ კაროლინა: დონალდ ტრამპი (49%); კამალა ჰარისი (48%);
- პენსილვანია: დონალდ ტრამპი (49%); კამალა ჰარისი (48%);
- ვისკონსინი: დონალდ ტრამპი (48%); კამალა ჰარისი (49%).
რაც შეეხება კოლეგიის ხმებს, გამოკითხვა აჩვენებს, რომ ჰარისსაც და ტრამპს აქვთ შტატები, სადაც შეძლებენ 200 ხმის მოპოვებას, თუმცა გამარჯვებისთვის, მათ, სულ მცირე, 270 ხმა სჭირდებათ.
წინასაარჩევნო კამპანია კანდიდატებმა გუშინ დაასრულეს – დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ არჩევნებში მისი მთავარი მოწინააღმდეგე არია კამალა ჰარისი, არამედ „ბოროტი დემოკრატიული სისტემაა”.
„ჩვენ დავამარცხებთ ვაშინგტონში ამ კორუფციულ სისტემას. იმიტომ, რომ მე კენჭს ვიყრი არა კამალას, არამედ ამ ბოროტი დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ”, – განაცხადა მან მიჩიგანში ბოლო შეხვედრაზე.
კამალა ჰარისმა კამპანიის ფარგლებში საბოლოო შეხვედრა პენსილვანიაში გამართა და თქვა, რომ მისი გუნდის მოლოდინი „ოპტიმისტურია”, თუმცა ამის მიუხედავად ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა კენჭისყრაში მონაწილეობისკენ:
„ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ ის მტკიცედ უნდა დავასრულოთ. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ახლო ბრძოლა ისტორიაში. თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი”.
რაც შეეხება უკრაინის საკითხის მიმართ პრეზიდენტობის კანდიდატების დამოკიდებულებას, ჰარისი ღია მხარდაჭერას გამოხატავს და აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს კიევის დახმარებას. ტრამპის პოზიცია კი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გამართვაა, რაც, შესაძლოა, ნიშნავდეს უკრაინის გარკვეული ტერიტორიების რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩენას. ის, ასევე, ეწინააღმდეგებოდა უკრაინის მიმართ ფინანსური დახმარების გაგრძელებას. მას ასევე უსაუბრია, რომ აშშ-ისთვის უკრაინის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და მას შეუძლია ამ ომის „24 საათში დასრულება”.
საბოლოო შედეგი წყდება არა სახალხო კენჭისყრაზე, არამედ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში – კანდიდატის მიერ შტატში ხმების უმრავლესობას მოიპოვებით, ის იღებს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებს, რომელიც ჯამში 538-ს შეადგენს, ხოლო კანდიდატს გამარჯვებისთვის, მინიმუმ, 270 ხმის მოპოვება სჭირდება. აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის სისტემის ფარგლებში თითოეულ შტატს ხმების რაოდენობა მოსახლეობის ზომის შესაბამისად ენიჭება.
იმ შემთხვევაში თუ კოლეგიის ხმები იქნება თანაბარი, არჩევანს აკეთებს წარმომადგენელთა პალატა და წევრები ხმას აძლევენ არა დამოუკიდებლად, არამედ როგორც ერთი შტატის დელეგატები. რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტს, მას ახლად არჩეული სენატი ირჩევს. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა კოლეგია დეკემბერში არჩევანს გააკეთებს, გადაწყვეტილება ეგზავნება კონგრესს, რომელიც ხმებს ითვლის და 6 იანვარს ოფიციალურ შედეგს აფორმებს.
თითოეულ შტატში უმეტესობა თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე პარტიას აძლევს ხმას. მაგალითად, კალიფორნია, რომელსაც 54 წარმომადგენელი ჰყავს, ჩვეულებრივ დემოკრატი კანდიდატის მხარდამჭერია. ტეხასი 40 წარმომადგენლით – რესპუბლიკელი კანდიდატის. რეალურად მხოლოდ რამდენიმე შტატია, სადაც ორივე კანდიდატს გამარჯვების შანსი აქვს. სწორედ ამ შტატებში წყდება არჩევნები და მათ უწოდებენ გადამწყვეტ ან მერყევ შტატებს. ესენია: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი.