კახიშვილი ჩორჩანაზე: მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურად ინფორმირებული ამ საკითხზე არ ყოფილა

პუბლიკა

ჩორჩანას საგუშაგოს საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, კახა კახიშვილი გამოკითხეს.

კახიშვილი ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებდა, პრემიერ-მინისტრი კი მამუკა ბახტაძე იყო.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან მედიასთან თქვა, რომ მთავრობის წევრებისა და პრემიერ-მინისტრისთვის ჩორჩანაში 2019 წელს საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა და არც სამუშაო თათბირზე განხილულა ეს საკითხი.

„გამოძიებას აინტერესებდა, იყო თუ არა მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით იმ დროს ან მოსალოდნელ საფრთხეებთან, ან გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

მე ვუპასუხე, რაც არის და იყო – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურად ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით იმ დროს არ ყოფილა. მეტიც, არცერთ სამუშაო თათბირზე, რომელიც მიმდინარეობდა ჩემი მონაწილეობით, ეს საკითხი არ განხილულა. ბუნებრივია, არც მთავრობის სხდომის ფორმატში არ განხილულა ეს საკითხი. […]

მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა. […]

შესაბამისად, მე ვერ დავადასტურებ სატელეფონო საუბარში იყო თუ არა რაიმე ცნობილი პრემიერისთვის, მაგრამ ოფიციალურ ფორმატში არც წერილობით, არც სიტყვიერად, არც მთავრობის ადმინისტრაციის სამუშაო თათბირის ფორმატში, არც მთავრობის სხდომის ფორმატში, არც მთავრობის წევრებისთვის, არც საქართველოს პრემიერისთვის ინფორმაცია მიწოდებული არ ყოფილა“, – თქვა კახიშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ იბარებენ გამოკითხვაზე მამუკა ბახტაძეს და დადასტურებულად შეუძლია თუ არა თქვას, რომ ბახტაძემ საკითხის შესახებ არაფერი იცოდა, კახიშვილი პასუხობს:

„მე არ ვარ საქართველოს პროკურორი, რომ გაგცეთ პასუხი, რატომ არ იბარებენ [მამუკა ბახტაძეს]. ალბათ, დაიბარებენ. მე ვერ დავადასტურებ, ჰქონდა თუ არა სატელეფონო საუბარი, ან ცალკე შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან გახარიას. მე გითხარით ოფიციალურად, ჩემი მონაწილეობით არ ყოფილა. დანარჩენზე მამუკა ბახტაძემ უნდა გაგცეთ პასუხი“, – თქვა მან.

კახა კახიშვილის განმარტებით, ის სხვანაირად მოიქცეოდა და ყველა შესაბამის უწყებას ჩააყენებდა საქმის კურსში.

„მე, მაგალითად არ მივიღებდი გადაწყვეტილებას, მეტსაც გეტყვით, გადაწყვეტილების კონსულტაციის ფორმატში მივმართავდი უსაფრთხოების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს. თუ უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში არა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩავაყენებდი საქმის კურსში. შერიგების მინისტრს ჩავაყენებდი საქმის კურსში. ბუნებრივია, სუსი ისედაც უნდა ყოფილიყო საქმის კურსში, რადგან მას ევალება კანონით კოორდინაცია. უკვე პრემიერ-მინისტრთან შეჯერებული გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობებდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მერე მივიღებდი გადაწყვეტილებას. ეს არ არის საგუშაგო, როგორც ადრე „ტეკები“ იდგა. ეს არის ძალიან ფეთქებად ტერიტორიაზე საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახიშვილმა.

ამავე საქმეზე დღეს გენერალურ პროკურატურაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე გამოკითხეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ საგუშაგოს განთავსებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ეთანხმებოდა, რადგან შესაბამის სამსახურებთან „არ იყო შესაბამისი კოორდინაცია“.

2019 წელს ტაბატაძე სუს-ის უფროსის მოადგილე იყო.


პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.

2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. მაშინ საქართველოს შს მინისტრი გიორგი გახარია იყო, ვახტანგ გომელაური სუს-ის უფროსის პოზიციას იკავებდა, ალექსანდრე ტაბატაძე კი სუს-ის უფროსის მოადგილე.

ამ საკითხზე გიორგი გახარიას კითხვები დაუსვევს თეა წულუკისანის საგამოძებო კომისიის სხდომაზე. „ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პოზიციაა, რომ გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აღმართა, არ გაიარა სათანადო პროცედურები და რომ ეს სუს-მა „შეიტყო ოსებისგან ცხელი ხაზით“. გახარია ამბობს, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“.

კომისიის სხდომაზე მან თქვა, რომ მაშინ საოკუპაციო რეჟიმი „1922 წლის ფეიკ რუკით“ გეგმავდა ქართული ტყის ნაკვეთი წაეღო, ტყეში გაჩნდა მონიშვნები, მანამდე კი სეპარატისტული ძალები ტყეში საქართველოს მოქალაქეებს აკავებდნენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ არ მომხდარიყო ე.წ. საზღვრის გადმოწევა.

„მაშინ იქ ძალიან ბევრი სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება. უბრალოდ გავწმინდეთ გზა, გავიყვანეთ გზა და გავაკეთეთ საგუშაგოები“, – თქვა გახარიამ.

წულუკიანის თქმით, სუს-ი მხარს უჭერდა, რომ ქართულ მხარესაც დაეწყო პატრულირება, გაეაქატიურებინა ტექნიკური შეთანხმებით გათვალისწინებული „ბერკეტები თუ მექანიზმები“, ეს შეთანხმება გულისხმობს, რომ „თუ საგუშაგოს, ან მსგავსი ტიპის სიახლის შეთავაზებას გადაწყვეტდა ერთი მხარე, აქეთა მხრიდან, მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, უნდა ეცნობებინა ჩვენი სუს-ის მეშვეობით, და არა სხვანაირად, სეპარატისტებისთვის და საოკუპაციო ძალისთვის“.