არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე თენგო თევზაძე გამოიკითხა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, თენგო თევზაძე. საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.

„მივიღე შეკითხვების ძირითადი ნაწილი ჩემ პრესკონფერენციებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩემი პრესკონფერენცია გავაშინაარსეთ და ყველა ის ნათქვამი რაც საჯაროდ ვთქვი დავადასტურე, რომ ჩემ მიერ არის ნათქვამი და დავადასტურე რომ ობიექტური და სამართლიანი გამოძიების პირობებში, ყველა ეს ფაქტი დადასტურდება. ჩემთვის ერთ-ერთი ბოლო შეკითხვა იყო უცნაური, ოპოზიციას ხომ არ გაუყალბებია არჩევნებიო“, – ამბობს თენგო თევზაძე.

დღეს საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა „ძლიერი საქართველოს“ წევრი, საბა ბუაძეც. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ სხვადასხვა პარტიის წევრებიც, ასევე „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია. პროკურატურამ გამოკითხვაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაიბარა, თუმცა მან თქვა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.