იოსელიანის ხელფასი 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა

ნათია ამირანაშვილი

სახალხო დამცველის ანაზღაურება აპრილიდან 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა, 2025 წლიდან კი ისევ გაიზრდება და 13 000 ლარს გადააჭარბებს, – თანხა წარმოდგენილია გადასახადების ჩათვლით, ე.წ. დარიცხული ოდენობით.

ხელზე ასაღები ოდენობა კი შეადგენდა 5 488 ლარს, რომელიც აპრილიდან 9 384 ლარამდე გაიზარდა, – ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკამ” სახალხო დამცველის აპარატიდან გამოითხოვა.

რაც შეეხება დანამატსა და ფულად ჯილდოს, როგორც გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის მარტიდან დღემდე საქართველოს სახალხო დამცველს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ მიუღია.

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი სწორედ 2023 წლის მარტიდანაა. ხელფასი მას ამ თანამდებობაზე ყოფნიდან ერთ წელში გაეზარდა.

როგორ გაიზარდა ომბუდსმენის ხელფასი?

საქართველოს პარლამენტმა მარტში კანონპროექტი მიიღო და ომბუდსმენის ანაზღაურების ზრდა სწორედ ამ ცვლილების შედეგად გახდა შესაძლებელი.

ცვლილებამდე სახალხო დამცველის ანაზღაურება [თანამდებობრივი სარგო] გათანაბრებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივ სარგოსთან, რაც 7 000 ლარია.

ცვლილებების შემდეგ კი ომბუდსმენის ანაზღაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივ სარგოს გაუთანაბრდა, გარდამავალი დებულებით განისაზღვრა თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი – 9.00.

როგორია თანამდებობრივი სარგოს დაანგარიშების წესი:

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში გაწერილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები.

ყოველწლიურად ბიუჯეტში ასევე განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.

საბაზო თანამდებობრივი სარგოს შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით კი მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგო კონკრეტული საბიუჯეტო წლისთვის.

2024 წლის ბიუჯეტით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა არის – 1 330 ლარი;

როგორც აღვნიშნეთ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი არის  – 9.00;

1 330 X 9.00 = 11 970 ლარი;

შესაბამისად, გამოვიდა, რომ 2024 წლის აპრილიდან სახალხო დამცველის სარგო 11 970 ლარით განისაზღვრა.

რა მოხდება 2025 წლიდან:

2025 წლიდან პარლამენტის წევრებისთვის სახელფასო კოეფიციენტები რეგლამენტით განისაზღვრება და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისთვის იგივე –  9.00 კოეფიციენტია გაწერილი.

თუმცა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 460 ლარით განისაზღვრა, რაც ნიშნავს იმას, რომ სახალხო დამცველიც 2025 წლიდან მომატებულ ხელფასს მიიღებს.

1 460 X 9.00 = 13 140

გამოდის, რომ 2025 წლიდან ომბუდსმენის დარიცხული ხელფასი 13 140 ლარი იქნება, ხელზე ასაღები ოდენობა კი დაახლოებით 10 500 ლარი.

ვინ შეიმუშავა კანონპროექტი?

კანონპროექტის ავტორები „ქართული ოცნების” წევრები – რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე გიორგი ცაგარეიშვილი და დავით მათიკაშვილი იყვნენ.

სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი ნაწილი იყო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პაკეტის.

აღნიშნული პაკეტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო – 4 მარტს დაიწყო განხილვა – 7 მარტს კი დაასრულა.

როგორ დაასაბუთეს ომბუდსმენისთვის ანაზღაურების ზრდა? 

კანონპროექტის ავტორები „ქართული ოცნებიდან” წერდნენ, რომ „მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს, რომელსაც ირჩევს და ანგარიშვალდებულია პარლამენტთან, ანაზღაურება დაკავშირებული იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შრომის ანაზღაურებასთან”.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა თანამდებობრივი სარგო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით… ვინაიდან, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს სახალხო დამცველს აქვს მოქმედ ინსტიტუციებს შორის ყველაზე მჭიდრო კავშირი, ლოგიკურია, რომ ანაზღაურების წესიც დაკავშირებული იყოს, შემოთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად”, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნული იყო, რომ „ცვლილების საფუძველზე, სახალხო დამცველისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი განისაზღვრება 9.0 კოეფიციენტით. მიმდინარე წლის [იგულისხმება 2024 წელი] პირობებში საერთო ჯამში დამატებით საჭირო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 40 000 ლარის აკუმულირება. ვინაიდან, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს დამსაქმებლის მხრიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის შრომის ანაზღაურების 2%ის მიმართვას მის საპენსიო ანგარიშზე, წარმოდგენილი საკანონმდებლო პროექტი ამ მიმართულებითაც გამოიწვევს შესაბამის ხარჯებს”.

მათივე თქმით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა აუცილებელი იყო, ვინაიდან კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი იყო 2024 წლის 1 აპრილი და კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსურ ცვლილებებს, აუცილებელია შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას ჰქონდეს საკმარისი დრო, რათა დროულად მოახდინონ ფინანსური სახსრების გეგმირება.

„პუბლიკა” კომენტარისთვის დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს და ვთხოვეთ განმარტება, რატომაა ლოგიკური პარლამენტის თანამდებობის პირისა და ომბუდსმენის ანაზღაურების დაკავშირებაში. ასევე, საზომად რატომ აიღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება და არა მაგალითად პარლამენტის წევრის. ასევე, მიაჩნია თუ არა მას, რომ ეს ანაზღაურება ადეკვატური და სამართლიანი მისი შრომის.

სახალხო დამცველმა ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა. როგორც პრესსამსახურმა გვითხრა, ამ კითხვებზე პასუხი პარლამენტის პრეროგატივაა.

სტატიაში პარლამენტის წევრების პოზიცია აღებულია კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან.