იმის მიუხედავად, რომ „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის პირველივე ტურში ასარჩევად საარჩევნო კოლეგიაში საკმარისი რაოდენობის წარმომადგენელი არ ჰყავს, მათ შეიძლება მიხეილ ყაველაშვილის არჩევა პირველივე ტურში მაინც მოახერხონ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრის გამოკლებით, ჯამურად, კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 156 წევრი, ხოლო დანარჩენ პარტიებს – 124. პირველივე ტურში რომ აირჩიონ, კანდიდატს 200 ხმა სჭირდება, რაც ამ დროისთვის „ოცნებას“ არ აქვს, თუმცა ცესკო-ს ახალი დადგენილებით მათ შეიძლება წარმომადგენლობა გაზარდონ.
ცესკო-ს №53/2024 დადგენილებაში, რომელიც 26 ნოემბრით თარიღდება, აღნიშნულია, რომ თუკი პარტიები ხმოსნებისთვის გამოყოფილ კვოტებს არ შეავსებენ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ კვოტების ხელახლა განაწილების საშუალება ექნება იმ პარტიებზე, ვინც პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.
დადგენილების მიხედვით, პარტიებმა არჩევნების დანიშვნიდან 2 დღეში უნდა წარადგინონ მათი წარმომადგენლების მონაცემები, თუ არადა, ცესკო-მ მათი ადგილები შეიძლება სხვა პარტიებს გადასცეს.
„[თუ პარტიამ] განსაზღვრულ ვადაში არ გამოიყენა თავისი უფლება ან ცესკოს განკარგულებით დადგენილ კვოტაზე ნაკლები ოდენობის საარჩევნო კოლეგიის წევრი წარადგინა…
…ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობის 300-მდე შესავსებად, არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-13 დღისა (1 დეკემბერი) ცესკო განკარგულებით ცვლის დადგენილ კვოტებს და გამოუყენებელ ადგილებს გადაანაწილებს სხვა უფლებამოსილ პარტიებზე საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით“, – ნათქვამია დადგენილებაში.
ამ დადგენილებით, ცესკო-ს შეუძლია კვოტები ხელახლა გადაანაწილოს იმ შემთხვევაშიც, თუკი ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელს საარჩევნო კოლეგიაში წარდგენის შემდეგ შეუწყდება უფლებამოსილება და არ ეყოლება ადგილმონაცვლე. ამისთვის ვადად ცესკო 10 დეკემბრამდე პერიოდს იტოვებს.
„საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის საარჩევნო კოლეგიაში დასახელების შემდეგ, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებამდე მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრა შეუძლებელია, ცესკო ასეთ შემთხვევაში განკარგულებით ცვლის დადგენილ კვოტებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-4 დღისა (10 დეკემბერი) და გამოუყენებელ ადგილებს გადაანაწილებს სხვა უფლებამოსილ პარტიებზე საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით“, – წერია დადგენილებაში.
ასე რომ, თუკი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, ცესკო უფლებამოსილი იქნება, რომ მათი კვოტები არჩევნებში მონაწილე პარტიებზე გადაანაწილოს. ეს „ქართულ ოცნებას“ მისცემს შესაძლებლობას მიხეილ ყაველაშვილის პირველივე ცდით ასარჩევად საჭირო 200 ხმა მოაგროვოს.