POG: დაკავებულმა ყოველგვარი საბაბის გარეშე ჰკრა ხელი მისთვის უცნობ პირს და ლიანდაგებში ჩააგდო

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 10 დეკმებრს მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც დაკავებულმა ერთ-ერთი მგზავრი მეტროს ლიანდაგში ჩააგდო. კაცი ადგილზე დაიღუპა.

პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებული დაღუპულს არ იცნობდა და სრულიად უმოტივოდ ჩააგდო ის ლიანდაგებში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში ბრალდებულმა სრულიად უმოტივოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ, ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.