კუპრაძე: არ ვცნობთ ივანიშვილის მიტაცებულ ე.წ პარლამენტში დანიშნულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს 

პუბლიკა

ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ წაიკითხა 3 კოალიციის და ერთი პარტიის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც, ისინი არ ცნობენ 14 დეკემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს.

განცხადების თანახმად:

„ივანიშვილმა პროპაგანდით დაპირებული მშვიდობის მაგიერ ღია რეპრესიები, ტერორი და წამება დაუპირისპირა საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ, ევროპულ და დემოკრატიულ არჩევანს. მისმა ბანდ-ფორმირებებმა 500-მდე ადამიანი პოლიტიკურ პატიმრად აქცია, რომელთაგანაც 400-მდე წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

პასუხად ქართველი ხალხი აგრძელებს მტკიცე, უწყვეტ და უპრეცედენტოდ მასშტაბურ პროტესტს მთელ საქართველოში, რაც გამარჯვების მთავარი წინაპირობაა. მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოს ლეგიტიმური პოლიტიკური სპექტრი და მოქალქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მოვითხოვთ საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისათვის მებრძოლი პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რეჟიმის არც ერთი მსხვერპლი არ დარჩება სათანადო ზრუნვის, ხოლო არც ერთი მოძალადე – უმკაცრესი სასჯელის გარეშე. ყველა პირი, რომელიც ძალადობს მშვიდობიან დემოსტრანტებზე, პასუხს აგებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლისა და ძალადობის ობიექტი გახდა თავისუფალი მედია. მადლობას გიხდით და სრულ მხარდაჭერას გიცადებთ ჟურნალისტებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს.

ხაზგასმთ ვაცხადებთ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, საქართველოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია.

არ ვცნობთ 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ პარლამენტში, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო და არც ჩვენი, საზოგადოებრივი პოლიტიკური ლეგიტიმაცია, დანიშნულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს.

არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება.

ამდენად, სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში.

შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი: ახალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ საკუთარი სახელმწიფოს ბედს.

ვაფასებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას და ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს”.