კორონავირუსი: რატომ არის ვირუსოლოგიური იმპერატივი საშიშიც

პუბლიკა

ლიბერალური დემოკრატიების უმრავლესობამ მოსახლეობისთვის შიდაიზოლაცია დააწესა – თუმცა, ეთიკურად განხილული, არის კი ის, მართლაც, გამართლებული?

ამჟამად ვირუსოლოგიის იმპერატივი დომინირებს პოლიტიკაზე: ყველა ადამიანი უნდა იყოს იზოლირებული, რათა შემდგომი ინფიცირება აღარ მოხდეს. ეს იმპერატივი კი არ ითვალისწინებს სხვა მრავალ ალტერნატიულ მოთხოვნას (და გვერდით ეფექტს).

 

მარკუს გაბრიელი

გამოქვეყნდა გაზეთში ნოიე ციურიხერ ცაითუნგ

26.03.2020

გერმანულიდან თარგმნა თამარ ცოფურაშვილმა

სახეზეა ახალი მოთხოვნა: ვირუსოლოგიური იმპერატივი. ის ყველასგან მოითხოვს ისე მოვიქცეთ, თითქოს ადამიანთა თემი ინფექციის ჯაჭვი იყოს. ინდივიდები აღარ განიხილებიან მორალურ აქტორებად და, ამდენად, ადამიანური ღირსების მატარებლებად, არამედ უწინარესად როგორც ვირუსის მატარებლებად. კაცობრიობა განიხილება როგორც ტომი, რომლისთვისაც მკაცრი დისტანცირების წესები უნდა შეიმუშაონ, რათა ახალი კორონავირუსის გავრცელება შეჩერდეს.

ერთბაშად თითქმის ყველა გადავარდა სოციალურ ინჟინერიაში, რომელიც, ისე, რომ არც შეუნიშნავთ, ეთიკაში მრავალგზის  განხილული Trolley-პრობლემის ინტენსიური  გამოყენებით ხორციელდება. Trolley-ს ცნება აქ ტრამვაის აღნიშნავს, თავად მაგალითი კი შემდეგში მდგომარეობს: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მართავთ ტრამვაის. მანქანა მოძრაობაშია და არავის შეუძლია მისი შეჩერება. ერთ ლიანდაგზე ბავშვები დგანან, მეორეზე – მოხუცები, ახლა კი უნდა აირჩიოთ, რომელ სიცოცხლეს გაწირავთ. თქვენ მხოლოდ წაგებული ხართ – მაგრამ როგორ იღებთ გადაწყვეტილებას?

საომარ რიტორიკას შეცდომაში შევყავართ

იმ, გარკვეულწილად, რადიკალურ ღონისძიებებს, რომლებსაც ევროპაში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მიმართავენ, მივყავართ იქამდე, რომ ყველას თავისუფლების სტრუქტურებში ვერევით, რაც, თავის მხრივ, სხვა რისკის წინაშე გვაყენებს. ეს კი სიღრმისეულ განსჯას საჭიროებს.

უპირველეს ყოვლისა, შევნიშნოთ: სოციალური დისტანცირების გზით ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტა ახლა უდავოდ ერთ-ერთი სწორი ნაბიჯთაგანია (ამას ეჭვქვეშ არც ვაყენებ!), მაგრამ არის კი გარეთ გასვლის აკრძალვა ერთადერთი გამოსადეგი და, უპირველეს ყოვლისა, შესაფერისი ღონისძიება? ცხადია, ეთიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებები არასდროს გამომდინარეობს მხოლოდ საშიში ვირუსის გავრცელების ლოგიკიდან, რომელიც ჯერ კიდევ არაა ბოლომდე შესწავლილი.

მთავრობებისთვის კი, როგორც ჩანს, ვირუსოლოგიური იმპერატივი  უალტერნატივოდ მოითხოვს ყველას იზოლირების გზით ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტას. ვინც ამ დღეებში კრიტიკას გამოთქვამს, მაშინვე კონტრარგუმენტებს აწყდება: რომ ახლა სოლიდარულობა არ უნდა დავაზიანოთ, რომ ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ; რომ მიდებ-მოდების დრო არ არის; რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ  მხარი მთავრობის ნაბიჯებს, რადგან ომში ვართ.

თუმცაღა ჩვენ არ ვართ ომში უხილავ მტერთან, რადგან ვირუსი ჩვენი მტერი კი არ არის, არამედ ანონიმური ბიოლოგიური სტრუქტურაა, რომელიც ჩვენ გვეძებს, როგორც თავშესაფარს, რათა გამრავლდეს და ჩვენი უჯრედებით იკვებოს. ვირუსისთვის სულ ერთია, ჩვენ როგორ ვგრძნობთ ამ დროს თავს. ჩვენ არ ვართ მისი მტერი, არამედ მისი ჰაბიტატი, საცხოვრებელი გარემო.

ვირუსი ჩვენ არ გვესხმის თავს, არამედ ავითარებს პროგრამას, რომელიც ვირუსოლოგიურად და ეპიდემიოლოგიურად შეიძლება გაიშიფროს. ამრიგად, იოლად გამოაშკარავდება პოლიტიკური ტყუილი, თითქოსდა ჩვენ ომში ვიყოთ. საგანგებო მდგომარეობა, ცხადია, დემოკრატიულად გათვალისწინებულია გერმანიაში ინფექციებისგან დაცვის კანონდებლობით და შვეიცარიაში ეპიდემიის შესახებ კანონით, მაგრამ ინფექციის წინააღმდეგ ომის წარმოება შეუძლებელია.

კორონავირუსი ააშკარავებს მეცნიერების უარმყოფელებს

პარადოქსიც ამაში მდგომარეობს. სულ რამდენიმე დღის წინ ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებათა კანონს თითქოს ჯერ კიდევ პოსტსიმართლის ეპოქის თავდასხმა ემუქრებოდა. მეცნიერული ობიექტურობა და მისი კრიტიკა სულ უფრო და უფრო პოლიტიზებული ხდებოდა და ეს არამხოლოდ დონალდ ტრამპიდან მოყოლებული. ობიექტურობის როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე პოპულისტური უარყოფა გზააბნეული მეტაფიზიკების სახელით დგას მეცნიერების გაუმართლებელი კრიტიკის დანაწევრებულ საფუძველზე, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაქტების არსებობას უარყოფს.

ფაქტების მემარჯვენე პოპულისტური უარყოფა აყვავებულია აშშ-ში, თუმცაღა ბრაზილიაშიც, სადაც ევანგელისტი, ფუნდამენტალისტი ქრისტიანები უკვე დიდი ხანია, მეცნიერებისა და მედიცინის წინააღმდეგ ილაშქრებენ, რადგან მათ სწამთ, რომ ბიბლია უკეთ ხსნის სახეობათა წარმოშობას, ვიდრე დარვინის მოძღვრება. ფაქტების მემარცხენე პოპულისტური უარყოფა კი ჭეშმარიტებასა და სინამდვილეს სოციალურ კონსტრუქციად მიიჩნევს, რომლის მიღმაც ოდენ ძალაუფლების ინტერესებია დაფარული, რომლებიც უნდა გამოაშკარავდეს და დამარცხდეს – ასეთ არგუმენტებს იყენებენ გენდერული და რასობრივი იდენტობის პოლიტიკის წარმომადგენლები.

თუმცაღა პროგრესული ინტელექტუალებიც კი, რომლებიც მეცნიერულობაზე დებდნენ თავს, ბოლო წლებში გაუგონარ მეტაფიზიკურ რელატივიზმში გადავარდნენ. მათი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ფრანგი სოციოლოგი, ბრუნო ლატური. იგი იმ აბსურდულ თეზამდეც კი დავიდა, რომლის თანახმადაც, რამზეს II ვერ მოკვდებოდა ტუბერკულოზით, რადგან ტუბერკულოზის პათოგენი მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში აღმოაჩინესო. ეს არის მეტაფიზიკური აბსურდულობა, როგორც ამას კორონას კრიზისის ანალოგი ცხადყოფს: ჩვენ რომ ვირუსოლოგები არ ჩაგვერთო კოვიდ-19-ის შესწავლაში, ლატურის მიხედვით, ავადმყოფობა არ გავრცელდებოდა, რადგან იგი ჯერ არც კი იარსებებდა.

ამ ნიადაგზე ახალი კორონავირუსი სინამდვილის მეტეორივით დაგვატყდა თავს. როგორ უნდა შევინარჩუნოთ ფაქტების სინამდვილის უარყოფა ანონიმური, ჩვენი სიცოცხლისთვის საშიში ვირუსის შემზარავი საშიშროების წინაშე?

პოლიტიკოსები ავითარებენ მეცნიერების ახალ რწმენას

უცბად ყველა მთავრობა ერთ აზრზე შეთანხმდა: კორონას კრიზისთან გასამკლავებლად ერთადერთი შესაძლებლობაა საგანგებო მდგომარეობა და კანონები ისევე, როგორც ჩვენი ჯანმრთელობის ტოტალური ზედამხედველობისათვის დიგიტალიზების შეუქცევადი მხარდაჭერა. რამდენიმე კვირის განმავლობაში, როგორც ჩანს, დაიძლია გონებრივი ვირუსი პოსტსიმართლის მოზღვავებული სენტიმენტებისა და იდენტობის პოლიტიკისა, გლობალური პოლიტიკის სასარგებლოდ, რასაც ერთმა ჩემმა ნიუ იორკელმა მეგობარმა „მეცნიერების მორწმუნე ჩრდილო კორეა“ უწოდა. ბიოლოგიური რეალიზმიდან მთავრობებმა ახალი პოლიტიკური ობიექტივიზმი გამოიყვანეს, თუმცაღა  ეს უდიდეს სკეპსისს იმსახურებს.

ამიტომ აიმაღლეს ხმა იტალიელმა ფილოსოფოსმა ჯორჯო აგამბენმა  და ტექნოპროფეტმა იუვალ ნოა ჰარარიმ, რათა წარმოეჩინათ ის დისტოპიური განვითარება, რაც მართლაც განეკუთვნება აწმყოს შესაძლებლობებს. აგამბენი ემყარება მოდერნის მისეულ ინტერპრეტაციას, რომელსაც საგანგებო მდგომარეობა ისევ და ისევ იმისათვის შემოაქვს, რომ ადამიანები დაიყვანოს „შიშველ სიცოცხლეზე“, როგორც ის ამას უწოდებს. ჩვენ უცბად ვხდებით მონაცემთა ნიშნულები ვირუსოლოგიურ მოდელებსა და ჯანმრთელობის სისტემებში, რისთვისაც ჩვენი უმნიშვნელოვანესი სოციალური პრაქტიკა (მეგობრობა, ჩახუტება, რელიგიური რიტუალები, კონცერტები) უნდა შეიწიროს. აგამბენისთვის კორონაკრიზისი არის იმის დასტური, რომ ჩვენ ვადგავართ დისტოპიური კიბერდიქტატურის გზას.

ასე მიიჩნევს ჰარარიც, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიუთითებს, რომ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური შესაძლებლობები (ხელოვნური ინტელექტი, ფეიკ ნიუსი, დიგიტალიზებული მედიცინა) ჩვენს საზოგადოებას ფუნდამენტურად ცვლის და მას სრულიად წინასწარგანჭვრეტადს და ამით, მანიპულირებადს ხდის. მართლაც: უცბად შესაძლებელია, რომ მალე ევროპაში ჩვენს სმარტფონებზე დაინსტალირდეს კორონას აპლიკაციები, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს ვირუსული ინფიცირების ადგილებად გადააქცევს და მათი გადაადგილება ტელეკომუნიკაციის კომპანიებისა და ჯანდაცვის სამსახურების მიერ სრულიად გაკონტროლდება. ეს იქნებოდა ლიბერალური დემოკრატიის დასასრული, რომელიც პარადოქსულად მისივე სამეცნიერო მიღწევებით შემზადდა.

თანამედროვე პოლიტიკის ორმაგი სტანდატები

რაც გვჭირდება, არის ნიუანსური განხილვა, რომელიც ცალკეულ მიმართებებს ითვალისწინებს. თუკი ვირუსოლოგიურ იმპერატივს დანარჩენი სინამდვილისგან გამოვაცალკევებთ, მაშინ ის აუცილებლად მოიტანს შედეგებს, თუმცა ამავდროულად, აქ შემდეგი პრობლემაა: კერძოდ, მეცნიერებისადმი თანამედროვე პოლიტიკის რწმენა არც ისე ნამდვილია, როგორც მოჩანს.

ეს იქიდანაცაა თვალსაჩინო, რომ ჯერ კიდევ ცოტა ხნით ადრე შეუძლებელი იყო, აშშ-სა და ევროკავშირს საზღვრები ჩაეკეტა, ორ ადამიანზე მეტის შეკრება აეკრძალა, ეკოლოგიის დამაზიანებელი ტურიზმი და გლობალური პროდუქციის წარმოება შეეჩერებინა და წარმოუდგენელი ეკონომიკური შოკის მდგომარეობაში აღმოჩენილიყო იმისათვის, რომ ეთიკური იმპერატივი დაეცვა. თუმცა ასევე მეცნიერულად კარგად დასაბუთებული დასკვნაა, რომ კლიმატის ცვლილების კრიზისი – ფხიზლად თუ განვსჯით – კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე კორონას კრიზისი, რადგან იგი მთლიანად მთელი კაცობრიობის შემდგომ არსებობას ემუქრება. ამის ფონზე ისმის კითხვა: რატომ არ ცხადდება საგანგებო მდგომარეობა კლიმატის ცვლილების კრიზისთან გასამკლავებლად?

უცაბედად საბუნებისმეტყველო, ვირუსულოგიური მოდელი გამოიყენება აუცილებელ არგუმენტად თითქოსდა უალტერნატივო პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის. ვირუსოლოგიური მოდელები კომპიუტერული სიმულაციების გზით გამოითვლიან ახალი კორონავირუსის გავრცელების  განსხვავებულ სცენარებს. ეს მოდელები არაა სინამდვილის ასლი, არამედ გამარტივებაა მონაცემებისა, რომლითაც სინჯის შეცნობა გვინდა, მაგრამ, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ჩვენი ვირუსოლოგიური მოდელები, სტატისტიკური მოდელებიდან პოლიტიკური მითითებები პირდაპირ არ გამომდინარეობს.

მოკლედ რომ ვთქვათ: აუცილებელი იმპერატივი, რომელიც მოგვიწოდებს, საჯარო ცხოვრება და ყველა მიკროგადაწყვეტილება ვირუსოლოგიური მოდელების გავრცელების ლოგიკის მიხედვით წარვმართოთ, ფარავს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მთელ რიგს. ვირუსოლოგიური იმპერატივი თავისი თავიდან არ გაიგება, რადგან საბუნებისმეტყველო ფაქტების პოლიტიკური ინტერპრეტაცია თავად არ არის საბუნებისმეტყველო ფაქტი. აქ საჭიროა, ჩაერთონ სოციოლოგები, პოლიტოლოგები და ფილოსოფოსებიც კი, რომლებიც დახელოვნებულები არიან განმანათლებლობის დიალექტიკაში, რადგან მხოლოდ საბუნებისმეტყველო-სამედიცინო პროგრესი ვერ გადაჭრის საბუნებისმეტყველო-ტექნოლოგიური პროგრესით გამოწვეულ პრობლემებს.

შევთანხმდეთ: ვირუსი არ არის არც სოციალურად კონსტრუირებული და არც ჩინური ბიოიარაღი. ის არის რეალური, მიუხედავად იმისა, თუ როგორაა წარმოქმნილი და უდავოდ – უაღრესად საშიში. რამდენად საშიში, ზუსტად არავინ იცის, რადგან მონაცემთა ბაზები ჯერ კიდევ არაა საკმარისი საიმისოდ, რომ ვირუსოლოგიური მოდელები ოპტიმალურად გამოიყენოს.

საბუნებისმეტყველო-სამედიცინო კვლევა, ცხადია, შეუცვლელია იმის ასახსნელად, თუ რა სამოქმედო შესაძლებლობები გვაქვს. მას შეუძლია, თვალსაჩინო გახადოს გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები. ამაში მე საერთოდ არ მეპარება ეჭვი, მაგრამ არაა მართალი, რომ ვირუსოლოგიური იმპერატივი მხოლოდ იმ ღონისძიებებს ამართლებს, რომლებიც დემოკრატიულ საჯაროობას (თუნდაც დროებით) ნაღმავს, რადგან არსებობს სხვა, სულ მცირე, ამის საპირწონე სამედიცინო და ტექნოლოგიური უსაფრთხოების იმპერატივები, რომლებსაც ყურს არავინ უგდებს.

როგორაა საქმე ჩვენი ჯანდაცვის სისტემის კონკრეტულ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომლებიც დამდეგი ეკონომიკური კრიზისისას ეკონომიკური შოკის მდგომარეობით შეიქმნება? როგორაა მარტოსული ავადმყოფებისა და ნარკოდამოკიდებულების, იმ ადამიანების საქმე, რომლებსაც არა აქვთ ფუფუნება, ბაღიან სახლში მოკალათდნენ და რომლებსაც შინაიზოლაცია ოჯახურ ძალადობას, შეურაცხყოფასა და დამცირებას უქადის? და როგორია რისკი ჩვენი უსაფრთხოების მოწყობილობებისთვის, როდესაც ბიზნესგარიგებები ხდება ინტერნეტშეხვედრებით, რომელთა მოსმენა დიდი სირთულის გარეშეა შესაძლებელი?

მაშინ, როდესაც ჩვენ იმ ადამიანების გადარჩენით ვართ დაკავებულნი, რომლებსაც ახალი ვირუსი ემუქრებათ, ძველი პრობლემები არ ქრება. სრულიად პირიქით, ისინი, სწორედ რომ, კიდევ უფრო მძაფრდება და ჩვენ მათ წინაშე დავდგებით, როგორც კი კორონას კრიზისს გადავლახავთ.

ის, რაც ჩვენ ძნელბედობისას უნდა გავაკეთოთ, შესაბამისად, დავუშვათ, არ გამომდინარეობს მხოლოდ საბუნებისმეტყველო ფაქტებიდან. ჩვენ გვესაჭიროება მორალური ხედვაც. მორალური ფაქტები ეთიკურ-ფილოსოფიური რეფლექსიითა და კრიტიკული პოლიტიკური თეორიის შესაბამისი განხილვით გამოაშკარავდება, რაც განმანათლებლობის არსებითი ნაწილია. ისინი კი ისევე, როგორც ადამიანები, რომელთა სიცოცხლესაც სწორედ რომ სრულიად მართებულად, სოციალური დისტანციით ვიცავთ, არ უნდა შევწიროთ მოკლევადიან გათვლებს.

————–

მარკუს გაბრიელი – არის ფილოსოფიის პროფესორი ბონის უნივერსიტეტში, შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიის კათედრის გამგე. ბონის უნივერსიტეტში ის ხელმძღვანელობს ფილოსოფიის საერთაშორისო ცენტრს და მეცნიერებისა და აზროვნების ცენტრს. მარკუს გაბრიელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, როგორც ახალი რეალიზმის დამფუძნებელი თავისი წიგნებით „რატომ არ არსებობს სამყარო“ (2013), „მე არ არის ტვინი“ (2015), „აზროვნების საზრისი“ (2018).