ირაკლი რუხაძის „თავისუფლების დღიურები"

დავით ბუხრიკიძე

ირაკლი რუხაძის ინტერვიუმ რადიო „თავისუფლებასთან“, ლამის ეგზოტიკურ-ექსპერიმენტული თავგადასავალი ფორმა და შინაარსი შეიძინა (მითუმეტეს, დამოუკიდებელი მედიების მიმართ ხელისუფლების სრული სიყრუის ფონზე). ამდენად, სრულიად ბუნებრივად დაიბადა საზოგადოებისა და მედიის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაციებიც.

მოკლედ, კაცი დიდი ფულით, კიდევ უფრო დიდი გავლენითა და პროპაგანდისტული მედიით აკიდებული, მიადგა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან მედია-პლატფორმას საქართველოში. ისაუბრა როგორც თავად თქვა, „ღიად და თვითკრიტიკულად“, თან ისე რომ, ინტერვიუს დიდი ნაწილი მეოთხედი სიმართლეებით გაზავებული დიდი ტყუილებით შეავსო.

მაინც რა სურდა ოლიგარქის პოლიტიკური ასლების მცოდნე მედია-ბანკირს? რა მიზნით ისაუბრა ორი საათისა და 25 წუთის განმავლობაში და სწორედ ახლა, როცა ჭორვილის სამეფო თავისი სათამაშო პარლამენტით სანქციების კასკადის მოლოდინშია?

ნებისმიერი გამოცდილი და ნიჭიერად გაქნილი პროპაგანდისტი კარგად არის აღჭურვილი კონკრეტული მომენტის ცოდნით და იცის რა დროს, სად და რატომ უნდა ილაპარაკოს…მაგრამ თუ ასეა, მაშინ საინტერესოა, რა იყო თავად რადიო „თავისუფლების“ მოტივი ან მიზანი, რომელმაც პროპაგანდისტული მედიის მფლობელს ამხელა დრო დაუთმო.

საინტერესოა, რომ რუხაძის ლაბირინთებით მოცულ პასუხებში ერთხელაც არ გამოკრთა პრიმიტივი ქოცების მსგავსი პატრიოტული მეტაფორები – „მე მირჩევნია ერთი ხოხობი“, „სამშობლოს გულობიზა“, „თავს შევაკლავთ“ და ა.შ. პირიქით, ცდილობდა დამაბნეველი სისწრაფით, ინფორმაციული ნაკადის დახმარებით და ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების მოხმობით ელაპარაკა. მითუმეტეს, რომ თავად ჟურნალისტმა, ნასტასია არაბულმა ამის საშუალება მისცა. აირჩია არა „კრივი“, თავისი ჰუკითა და აპერკოტებით, არამედ მშვიდი და დისტანციური საუბრის მანერა რესპონდენტთან, რომელიც გამუდმებით ცდილობდა თემიდან თემაზე სწრაფად და მოხერხებულ დროს გადამხტარიყო. აქ კიდევ ერთი დეტალია აღსანიშნავი: ბატონი რუხაძე გამუდმებით ცდილობდა პროპაგანდისტული ტექსტი შეეფუთა ორაზროვანი დასკვნებით, არგუმენტებს მოკლებულ მცირე დოზის სიმართლით და ემოციებით, რომელიც თავად შეკითხვის შინაარს გავიწყებს. ეს ერთგვარად, ჰიბრიდული ომის მსგავსია, სადაც მოპასუხეს შესწავლილი აქვს საზოგადოებრივი წინასწარი განწყობები (prejudice).

მან მშვენივრად იცის, რომ მითოლოგიური შინაარსის ამბები და აბსურდული, მაგრამ სოციუმში გამყარებული მითებით საუბარი ნაცების შესახებ, საზოგადოების ნაწილზე დღემდე მოქმედებს. რუხაძის საყვარელი და თან სასაცილო არგუმენტი სწორედ ეს „თავგანწირული“ ანტინაცობაა. თურმე ამიტომ ინახავს არამომგებიან და პოლიტიკურად სტერილურ გარემოში „იმედს“ და იმიტომ არავის აჭაჭანებს ახლომახლო, რომ ნაცები არ დაბრუნდნენ! მსგავსი აბსურდული მოლოდინები ერთგვარი „დადასტურების სურვილითაც“ (Confirmation bias), აიხსნება, როცა გსურს მიიღო ისეთი ხალხის თანხმობა, რომელიც იცი რომ შენს გზავნილებს მაინც გაიზიარებს.

კიდევ ერთი საინტერესო ფსიქოლოგიური დეტალი. მედიამფლობელი, რომელსაც უზარმაზარი რესურსები, შეუზღუდავი საშუალებები თუ სივრცე აქვს და რასაც უნდა საკუთარ სამფლობელოში იმას ისაუბრებს, მაინც სხვაგან, „მტრულ“ გარემოში მიდის – ჟურნალისტთან, რომელიც არც სიჭია და მაგდა. იცის, რომ სრული დისკომფორტი ელის და გულთბილი მამისა თუ პროფესიონალი თაღლითის როლს გულწრფელად ვერ ითამაშებს და მაინც მიდის. იმიტომ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დაუმტკიცოს არა „იმედის“ პროპაგანდით მრავალჯერ გამოკვებილ მაყურებელს, არამედ სულ სხვა ხალს, იქ ზემოთ და ოკეანის გაღმაც.

მთელი მისი სატელევიზიო ტექსტი თუ კონტექსტი, ნაჯაფ-ნაწვალები სემანტიკა თუ ტექნოლოგიური შინაარსიც სწორედ „სხვა ხალხის“ ზემოქმედებაზე იყო გათვლილი და ამიტომაც აირჩია საერთაშორისო მასშტაბის რადიო „თავისუფლება“. ყველაფერი სხვა – არ მოუშვას ნაცები, მიშა, გვარამია, მელია და პოლიტიკურად სტერილურად შეინარჩუნოს მედიის ველი (ქოცებზე უკეთესი მაინც არავინაა!); რომ თავადაა დასავლელიც და ამერიკელიც, ამიტომ ოპოზიცია ხელის შემშლელი და მტრულია; რომ ამერიკა სინამდვილეში მისი მშობლიური გარემოა და რუსეთი არაფერ შუაშია; რომ სამივე შვილი ძალიან უყვარს (მერე რა რომ საკუთარი არატრადიციული ორიენტაციის შვილი ჩვეულებრივია, ხოლო სხვებისა „იმედის“ ინსტრუქციით გარყვნილი); რომ სამართლიანი სასამართლო მას არამარტო საკუთარი ქონებისა და ბიზნესის დასაცავად ჭირდება – მხოლოდ საჭირო დროს მოხმობილი ინტერმეცო იყო; რაც შეიძლება პოზიტიური ფინალის მოლოდინში.

თუმცა, თითების ნერვიული მოძრაობებით შეთამაშებული ცარიელი „ბორჯომის“ ბოთლი, რუხაძის მომავალ „თავისუფლების დღიურებში“, სულ სხვა შინაარსს ფინალს გვაუწყებს.