ანდრო ჭიჭინაძე: ალბათ ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის, გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში

პუბლიკა

„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრმა“ ანდრო ჭიჭინაძისა და საპროტესტო აქციის ფარგლებში სხვა უკანონოდ დაკავებულების მხარდასაჭერად საპროტესტო მანიფესტი-პერფორმანსი ჩაატარა.

მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა სცენიდან ანდრო ჭიჭინაძის წერილი წაიკითხა:

„სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ, პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი, ცოტა მომიწევს. როცა ვამბობ თქვენ, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად. ნაცნობებს და უცნობებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული პირველ რიგში საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული“.

„ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითშიდა სიყვარულში. ალბათ, ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის, გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში. როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ, თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის. მენატრებით“. — წერს ანდრო ჭიჭინაძე წერილში.

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, 10 იანვარს ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 10 პირი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომა ორი თვით გადაიდო და 5 მარტს ჩაინიშნა.

ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.