დღეს მობილურზე ნიუ იორკის მცხოვრებლებისთვის განკუთვნილი სასწრაფო შეტყობინება მივიღე. ნიუ იორკში მცხოვრებ ყველა პირს, ვისაც სამედიცინო განათლება აქვს, უხმობდნენ მოხალისედ საავადმყოფოებში. ამ დროისთვის, შტატის მასშტაბით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 130 700 -მდეა, გარდაცვლილი კი 4 700-ზე მეტია. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ერთ-ერთი ადგილობრივი ექიმის ვიდეო, რომელშიც მან ახსენა, რომ მაცივრიან სატვირთო მანქანებში სახელდახელოდ მოწყობილ მორგებში გადაჰყავდათ გარდაცვლილები – ასეთ მოცულობას ვერც საავადმყოფოები და ვერც მორგები ვერ აუდიან. ამ კვირაში რამდენჯერმე მომიწია ბრუკლინში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საავადმყოფოსთან მანქანით გავლა. საავადმყოფოს გარშემო ყველგან დიდი კარვებია გაშლილი, ზუსტად ისე, როგორც საომარ ზონებში. საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს ცენტრალურ პარკშიც. ექიმები სატელევიზიო ინტერვიუებში ერთხმად ამბობენ, რომ არიან ომის პირობებში.
ნიუ იორკის სამედიცინო პერსონალი ვირუსთან არათანაბარ ბრძოლაშია ჩართული – შტატს არ აქვს პანდემიის გავრცელების დიაპაზონის საპასუხოდ სათანადო ოდენობის საწოლები და სასუნთქი აპარატები. ექიმებს, ექთნებსა და სანიტრებს მინიმუმ 12-საათიან ცვლაში უწევთ მუშაობა, ყოველდღიურად. პარალელურად, სამედიცინო ნიღბების დეფიციტის პირობებში, საავადმყოფოებში ერთჯერადი გამოყენების ნიღბებს რამდენიმე დღე ატარებენ. ნიუ იორკის გუბერნატორი, ენდრიუ ქუომო კი აღნიშნავს, რომ ამ მძიმე ვითარებას პიკამდე ჯერ არ მიუღწევია.
რაც შეეხება ქალაქს, ის თავიდან რამდენიმე კვირით, შემდეგ კი გაურკვეველი ვადით გაჩერდა. ბრუკლინში ყველა დღე ერთმანეთს დაემსგავსა, შტორმმა და გაზაფხულის წვიმიანობამ დღეებს შორის შემორჩენილი მცირე განსხვავებებიც წაშალა და ყველაზე ხშირად დასმული კითხვა „დღეს რა დღეა“ გახდა. თუმცა ცარიელ ქუჩებზე მეტად კვირა დღის სიცარიელე უფროა თავისი ყველაზე სახასიათო გამოვლინებით – თითქმის ყველა ბიზნესი დაკეტილია, ხალხს მარტო საყიდლებზე ან ძაღლის სასეირნოდ გამოსულს ნახავ, პარკინგი კი არსად არ არის.
მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ ოფისები და სკოლები დაიკეტა, მანჰეტენზე აღარ ვყოფილვარ. გაჩერებულ და გაჩუმებულ კუნძულზე ყველაზე დიდი სანახაობა ახლა ჰადსონზე ჩამომდგარი გემი-ჰოსპიტალია, სახელად „ნუგეში“ („comfort“). გემი მანჰეტენს ოთხი დღის წინ მოადგა. მისი საწოლები 1000 პაციენტზეა გათვლილი და თავდაპირველი გეგმა გულისხმობდა ქალაქის საავადმყოფოებიდან იმ პაციენტების გადაყვანას, რომლებიც კორონავირუსით არ იყვნენ ინფიცირებულნი. თუმცა, ტაიმსის ცნობით, „ნუგეშზე“ 3 აპრილისთვის მხოლოდ 20 პაციენტის განთავსება მოხერხდა, ბიუროკრატიული მიზეზების გამო.
მწვავე ვითარების შესახებ სამედიცინო ექსპერტები დიდი ხნით ადრე გვაფრთხილებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა გამოცხადებული პანდემიის ქრონიკა გახდა. ამას თავისი მიზეზები აქვს. თავდაპირველად, პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ ვირუსის საფრთხის სიმწვავის გადაფარვა სცადეს, საფონდო ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე. საარჩევნო წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები ტრამპის მთავარი კოზირი იქნებოდა. ეს ყველამ კარგად იცოდა. პრეზიდენტს კი მისი დათმობა არ უნდოდა და მოკლე მანძილზე გათვლილი ნაბიჯი გადადგა – ეცადა, ბაზრის დაცვის მიზნით, ვირუსის ამერიკაში გამოჩენა ნაკლებად სახიფათო მოვლენად წარმოეჩინა, რათა ვოლ სტრიტის ბირჟებზე მყიდველი არ დაეფრთხო, მაგრამ ისინი მაინც დაფრთხნენ ისე, როგორც მტრედები „ცენტრალ პარკში“ აშვებული ძაღლის გამოჩენაზე. აქციებმა ვარდნა დაიწყო და ერთ კვირაში დაკარგეს 11.5 ტრილიონის საერთო ჯამური ღირებულება, რაც ტრამპის გაპრეზიდენტების წლიდან მოყოლებული მოიპოვეს. ეკონომიკა ამ მომენტისთვის თავისი ყველაზე სახიფათო მტრის, გაურკვევლობის წინაშეა. მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 10-მა მილიონმა ამერიკელმა შეავსო უმუშევრობის განაცხადი. ზემოთ აღნიშნული ორი რიცხვი უპრეცედენტოა და ვაშინგტონსაც უპრეცედენტო ნაბიჯების გადადგმა უწევს. კაპიტოლიუმში უკვე დამტკიცდა $2-ტრილიონიანი სტიმულირების პაკეტი როგორც გადასახადების რიგითი გადამხდელების, ისე სხვადასხვა ზომის ბიზნესისთვის.
მეორე მწვავე პრობლემა შტატებს შორის კრიზისთან გასამკლავებლად სასიცოცხლოდ საჭირო რესურსის გადანაწილებაა. გუბერნატორმა ქუომომ (ამჟამად ყველაზე პოპულარულმა სატელევიზიო ვარსკვლავმა, ექიმ ფაუჩის შემდეგ) ალბანიში თავის ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე გაუსვა ხაზი ერთ პრინციპულ პრობლემას: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასუნთქი აპარატებისა და ნიღბების მსხვილ მომწოდებლებთან მოლაპარაკებებისას თითოეულ შტატს უწევს ერთმანეთთან შეჯიბრის პირობებში ყოფნა. ამ კონკურენციის ერთ-ერთი შედეგი კი ნიღბების მომწოდებლის მიერ თავისი საქონლის 80 ცენტიდან $7-მდე გაზრდა იყო. „ინტენსიური კონკურენცია“, ამ სიტყვებით აიხსნა ნიუ იორკის მიერ 17 ათასი ახალი სასუნთქი აპარატის შეძენის წარუმატებელი მცდელობაც.
ცენტრალურ მთავრობას კრიზისულ ვითარებაში ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ბერკეტი აქვს: ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია კორეის ომის დროს მიღებული თავდაცვის წარმოების აქტის გამოყენებით საჭირო საქონლის წარმოების ნაციონალიზაცია. ტრამპმა თავდაპირველად განაცხადა, რომ სწორედ ამას იზამდა და იმ მსხვილ კომპანიებს („ჯენერალ მოტორსს“, „ეფლს“ და სხვებს), რომლებსაც დიდი რაოდენობით 3D პრინტერები აქვთ, სასუნთქი აპარატების წარმოებას დაავალებდა, თუმცა დახურულ კარს მიღმა მხარეები დეტალებზე ვერ მორიგდნენ. ტრამპმა „ჯენერალ მოტორსი“ ტვიტერზე გაკიცხა, პარალელურად კი განაცხადა, რომ ნიუ იორკი და სხვა შტატები არასაჭიროდ ბევრ სასუნთქ აპარატს მოითხოვდნენ, – მე ისეთი განცდა მაქვს, რომ ზოგიერთი რიცხვი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე რეალურად იქნებაო. იქვე დასძინა, რომ 40 ათასი სასუნთქი აპარატი საჭირო არ იქნება, – ზოგიერთ დიდ საავადმყოფოში სულ ორი სასუნთქი აპარატი აქვთ ხოლმე, ახლა კი უცებ 30 ათასის შეკვეთას მთხოვენო.
ასეთი განცხადებების ფონზე ნიუ იორკის მერმა მცხოვრებლებს მოუწოდა, ქუჩაში შარფით ან ბენდენით დაიფარონ სახე, რათა ნიღბები ნაკლებად გამოიყენონ. ჩემი ზოგიერთი თანამშრომელი კი იმ მოხალისეებს შეუერთდა, რომლებიც სახლში ძველი მაისურებისგან ნიღბებს კერავენ საავადმყოფოებისათვის.
რამდენიმე დღის წინ სრულიად ახალ სოციალურ ფენომენს შევესწარი – ჩემი მოხუცი მეზობელი შვილებმა და შვილიშვილებმა სახლში შეუსვლელად, ფანჯარასთან მოინახულეს. სოციალური ცხოვრება ნელ-ნელა იწყებს პანდემიასთან ადაპტირებას. ბოლო ორი კვირაა, მეგობრები იდაყვით მესალმებიან, სამსახურში კი წამოიწყეს ვიდეოლანჩის ინიციატივა, როცა ჭამისას Zoom-ში ერთმანეთს კამერით ვუყურებთ და ოფისის სამზარეულოს „small talk-ებით“ გაგვყავს დრო. ბოლო დღეებში მთავარი თემა ნეტფლიქსის Tiger King იყო. შოუს მთავარმა გმირმა, ჯო ეგზოტიკმა სულ ცოტა ხნით პანდემიის სიგიჟეების თავისი სიგიჟეებით გადაფარვა მოახერხა.