„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში მიღებულ რეპრესიულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით შემოღებულია შეკრების თავისუფლების და სხვა ძირითადი უფლებების მრავალი შეზღუდვა, რომლებიც, შეუთავსებელია კანონიერების პრინციპებთან, აუცილებლობასთან და პროპორციულობასთან, ამიტომ საჭიროა, ხელისუფლებამ გადახედოს მათ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ვენეციის კომისია „ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული” ევროპული სტრუქტურაა და მათ დასკვნებს „სერიოზულად ვერ მიიღებენ“.
„საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ მოთხოვნას. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რაც ზოგადადაა დამკვიდრებული ევროპულ სტრუქტურებში, ამ ფონზეც კი ვენეციის კომისია გამოირჩევა განსაკუთრებული არასერიოზულობით.
სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს. ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს, რაც საერთოდ არ არის ვენეციის კომისიის საქმე. შესაბამისად, მათ დასკვნებს ჩვენ სერიოზულად ვერ მივიღებთ. კეთილი ინებონ, დადონ სამართლებრივი დასკვნები და განვიხილავთ სერიოზულად, მაგრამ პოლიტიკა არ არის ვენეციის კომისიის საქმე”, – განაცხადა კობახიძემ.
ვენეციის კომისიამ გამოსცა „გადაუდებელი” მოსაზრება „ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიულ ცვლილებებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში.
კომისიის მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტები პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე, რაც „ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით მასობრივი აქციების ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით”.
კომისიის შეფასებით, კანონში შეტანილი ცვლილებები შეიცავს არაერთ ბუნდოვან და ფართოდ ფორმულირებულ დებულებას, „რაც ხელისუფლებას ზედმეტად ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს მათ გამოყენებაში და ძირს უთხრის სამართლებრივი ჩარჩოს პროგნოზირებადობას, აზიანებს სამართლებრივ უსაფრთხოებას ძირითადი თავისუფლებების განხორციელებისას”.
როგორც კომისია აღნიშნავს, საკანონმდებლო ჩარჩოში სიცხადის ნაკლებობა ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს.
„გარდა ამისა, ცვლილებებში სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებების შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. ახალი მკაცრი საპატიმრო სასჯელები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმების არსებით ზრდასთან ერთად, ჩანს, რომ გადაჭარბებულია. ამ ზომებს, სავარაუდოდ, მსუსხავი ეფექტი ექნება შეკრების თავისუფლებაზე”, – წერს კომისია.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, საკანონმდებლო ცვლილებებით შემოღებულია შეკრების თავისუფლების და სხვა ძირითადი უფლებების მრავალი შეზღუდვა, რომლებიც, ჩანს, რომ შეუთავსებელია კანონიერების პრინციპებთან, აუცილებლობასთან და პროპორციულობასთან, ამიტომ საჭიროა, ხელისუფლებამ გადახედოს მათ.
ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციებია:
- სანქციების ხასიათისა და სიმძიმის გადახედვა;
- მკაფიო კრიტერიუმების შემოღება, რომლებიც შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რათა ადმინისტრაციული დაკავების დანიშვნამდე განხორციელდეს ინდივიდუალური შეფასება;
- ადმინისტრაციული დაკავების წინააღმდეგ ეფექტური პრევენციული საშუალების უზრუნველყოფა;
- კონკრეტული ვიწრო მნიშვნელობის განსაზღვრა ლაზერის და სინათლის სხვა მოწყობილობების აკრძალვაზე;
- პოლიციის ფორმის მსგავსი ტანსაცმლისა და ატრიბუტების სფეროს ზუსტად განსაზღვრა და ვიწრო მნიშვნელობით გამოყენება;
- სპონტანური შეკრებების შესახებ შეტყობინების მიღების ნორმატიული წესის დადგენა.