უკეთესი ცხოვრება და არა გადარჩენა - ჭიათურა ითხოვს

გიორგი ხასაია

წინა წერილში მიმოვიხილე ჭიათურაში მიმდინარე პროცესის განვითარების ორი ვარიანტი:

პირველის თანახმად შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ დარჩებოდა ჭიათურაში, ოღონდ უარს იტყოდა მიწისქვეშა სამუშაოების განახლებაზე. რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია გააგრძელებდა მადნის მოპოვებას, ოღონდ ღია კარიერული წესით, ანუ კიდევ უფრო ინტენსიურად გადათხრიდა ქალაქს და მიმდებარე სოფლებს. დაანგრევდა უფრო მეტ სახლს, უფრო მეტ ადამიანს დატოვებდა სახლის და მიწის და შესაბამისი კომპენსაციის გარეშე. სამაგიეროდ დაზოგავდა ხარჯებს – ღია კარიერული მოპოვებისთვის მას არ დაჭირდებოდა ათასობით მაღაროელის შრომა და არ დაჭირდებოდა ტექნიკური ხარჯების გაწევა, რომელიც მიწისქვეშ ჭირდება. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“; იმ არგუმენტის გასამყარებლად, რომ მიწისქვეშ მანგანუმის მოპოვება წამგებიანია, იშველიებდა გერმანული საკონსულტაციო კომპანიის დასკვნას.

მეორე ვერსიით, ჭიათურას სოცკის უმზადებენ. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სოცკი შპს „დათვის“ და შესაბამისად, ტყიბულის შახტების ფაქტობრივი მფლობელია. სოცკი ტყიბულში 2019 წელს გამოჩნდა, როცა ხელფასების მოთხოვნით მეშახტეების ნაწილი შიმშილობდა და გაჩერებული შახტების გამო ქალაქი პროტესტს მოეცვა. სოცკი ქალაქს იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა და დააიმედა, რომ საქნახშირის ახალი მფლობელი „სახელფასო დავალიანებებსაც დაფარავდა და შახტების უახლოეს მომავალში ამუშავებასაც უზრუნველყოფდა“;. იქიდან მოყოლებული, სოცკი შახტებთან ერთად, სასტუმროს, რესტორნის, სუპერმარკეტის და სხვა მსხვილი აქტივების მფლობელიც გახდა ტყიბულში.

ცოტა ხნის წინ გამოცხადებული რეორგანიზაციის შემდეგ, 30-ზე მეტი ტყიბულელი მეშახტე უმუშევრად დატოვა, მათ შორის იყო რუსლან ბუცხრიკიძე, 2016 წლის გაფიცვის ერთერთი ლიდერი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც მეორე ვერსიის (ჭიათურას სოცკის უმზადებენ) სასარგებლოდ შეიძლება მეტყველებდეს:

შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა, როგორც გადახდისუუნარომ. რითიც ჩანს, რომ სახელფასო დავალიანების გაცემის და სხვა პასუხისმგებლობების არიდებას ცდილობს.

მაგრამ მსოფლიო ბაზარზე მანგანუმზე მზარდი მოთხოვნის მოლოდინის გათვალისწინებით, ჭიათურის საბადო უპატრონოდ დიდხანს არ დარჩება.

მთავარი კითხვა ალბათ ის არის, ხომ არ გავს ეს 2019 წლის ტყიბულის სცენარს? ხომ არ წარუდგენენ ქალაქს ახალ ინვესტორს, როგორც მშველელს, მაგ. სოცკის სახით?

შეიძლება შემთხვევითი ისიც არ იყოს, რომ სოცკიმ სულ ახლახანს სუპერმარკეტი გახსნა ჭიათურაში – იმის მსგავსი, რაც ტყიბულში აქვს.

რა პირობებით ეცდება ახალი ინვესტორი, სოცკი იქნება თუ სხვა, ჭიათურაში შესვლას და რაზე დათანხმდება მაღაროელების გამოცდილი კოლექტივი და ქალაქი?

მაღაროელებმა ტარიელ მიქაცაძემ და მერაბ სარალიძემ ცოტა ხნის წინ მოძრაობა ხმასთან ლაპარაკში ივარაუდეს, რომ კომპანიის (ძველის თუ ახლის) მიზანია ხალხს აფიქრებინონ, ოღონდ მუშაობა აღდგეს და ცუდი პირობებითაც ვიმუშავებთო.

მაგრამ ჭიათურას გამოცდილება კარნახობს, რომ გადარჩენისთვის მხოლოდ გადარჩენის მოთხოვნა არ კმარა.

ხვალ ქალაქი კიდევ ერთხელ გამოვა გარეთ და არა მხოლოდ სახელფასო დავალიანებას, არამედ ქალაქის განვითარების ფონდსაც მოითხოვს ნაციონალიზაციასთან ერთად. რითიც არა უბრალოდ გადარჩენას, არამედ ცხოვრების და შრომის უკეთეს პირობებს მოითხოვს თავისთვის და სხვა ინდუსტრიული ქალაქებისთვის.