რა გავლენას ახდენს COVID-19 საქართველოს სურსათის მიწოდების ჯაჭვზე? - ISET

პუბლიკა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში საუბარია, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის პანდემიას საქართველოს სურსათის მიწოდების ჯაჭვზე, ასევე – რა ზომები უნდა გატარდეს სურსათის დეფიციტის შესაძლო პრობლემის თავიდან ასაცილებლად.

მარტში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან 10 მლნ. ლარი გამოიყოფა კერძო სექტორის სუბსიდირებისა და 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის (ბრინჯის, მაკარონის, წიწიბურას, მცენარეული ზეთის, შაქრის, ხორბლის, ხორბლის ფქვილის, რძის ფხვნილისა და ლობიოს) ფასების დაზღვევისთვის. მათივე განცხადებით, კორონავირუსის აფეთქების ფონზე, დამატებით 16 მლნ. ლარი დაიხარჯება ქვეყანაში შაქრის (5 000 ტ.), მცენარეული ზეთისა (1 500 ათასი ლ.) და მაკარონის (500 ტ.) მარაგის შექმნაზე.

საკმარისია თუ არა ეს ღონისძიებები იმ პოტენციური გავლენის შესარბილებლად, რაც COVID-19-ს შეიძლება ჰქონდეს სურსათის მიწოდების ჯაჭვზე?

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქართველო სურსათის თითქმის ყველა კატეგორიაში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სურსათის იმპორტის ბაზრების უმეტესობა (მაგ.: ხორბალი, ხილ-ბოსტნეული, მცენარეული ზეთი) ძალიან კონცენტრირებულია, რაც ზრდის ამ ბაზრებთან დაკავშირებულ რისკს, განსაკუთრებით კი COVID-19-ით გამოწვეულ სიტუაციაში.

„ცხადია, საქართველოც გაიზიარებს სურსათის გლობალური სისტემის (არსებულ თუ მოსალოდნელ) გამოწვევებს პანდემიის დროს თუ მისი დასრულების შემდეგ. შექმნილ ვითარებაში ექსპერტები მთავარ რისკად სურსათის ხელმისაწვდომობას ასახელებენ, თუმცა განსაკუთრებულ აქცენტს სურსათის ღირებულებათა ჯაჭვებში შექმნილ პოტენციურ სისტემურ პრობლემებზე აკეთებენ, რამაც შეიძლება მთელ მსოფლიოში სურსათის დეფიციტი, სურსათის ფასების ზრდა და სურსათის უსაფრთხოების პრობლემის გამწვავება გამოიწვიოს.

იმისათვის, რომ საქართველომ თავიდან აიცილოს სურსათის მიწოდების ჯაჭვზე COVID-19-ის უარყოფითი გავლენა, რეკომენდირებულია შემდეგი ზომების გატარება:

–  ფერმებისთვის საჭირო წარმოების საშუალებების დროებითი სუბსიდირება;

–  ლოჯისტიკის ინფრასტრუქტურაში ინვესტირებით ღირებულებათა ჯაჭვების კავშირების გაძლიერება (მაგ.: შეიძლება შეიქმნას სურსათის შემგროვებელი ცენტრები), რაც სურსათის უწყვეტ მიწოდებას, დისტრიბუციასა და პარალელურად სურსათის უსაფრთხოების სტანდარების დაცვას უზრუნველყოფდა;

– ფერმერთა ჩართვა სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმაში, რაც მათ მოწეული პროდუქციის რეალიზებაში დაეხმარება;

– იმ ფერმერების მიზნობრივი დახმარება, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ რესტორნებისა და სასტუმროების მხრიდან მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო, “- ნათქვამია მიმოხილვაში.

მიმოხილვის მიხედვით, ამგვარი მიზნობრივი მხარდაჭერის ღონისძიებები გულისხმობს: 1) პირველ რიგში ფერმერთა ასოციაციებისა და რეგიონული საინფორმაციაო-საკონსულტაციო ცენტრების დახმარებით ასეთი ფერმერების იდენტიფიცირებას; 2) ამ ფერმერებისთვის დისტრიბუციის არხების რესტრუქტურიზაციის საკითხზე საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზებას; 3) ფერმერების პროაქტიურად დახმარებას, გადაერთონ სხვა, რესტორნებისა და სასტუმროებისგან განსხვავებულ საბოლოო მომხმარებლებზე ორიენტირებულ ღირებულებათა ჯაჭვებზე (მაგ.: დააკავშირონ ასეთი ფერმერები უახლოეს შემგროვებელ ცენტრთან, ექსპორტიორთან, სურსათის ონლაინგამყიდველთან და სხვ.)