ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში გამართულ ფოტოგამოფენაზე „საქართველო ფოკუსში“ სიტყვით გამოსვლისას თქვა:
„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ კიდევ არ არის დაწერილი, თუმცა ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის თუ არა საქართველო დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ევროპულ ოჯახს, თუ საქართველო, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება.
როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ჩვენი არჩევანი ძალიან ნათლად დავაფიქსირეთ. ჩვენმა ლიდერებმა 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ეს მართლაც დიდი სიამაყისა და სიხარულის მომენტი იყო.
მას შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ არის. ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული – ავტორიტარიზმის მოდელი. ის საქართველოს ევროკავშირს აშორებს.
მაგრამ ის, რასაც ამ სურათებზე ხედავთ, ქართველი ხალხია – ხალხი, რომელიც ჭეშმარიტად ევროპულია და რომლის კანონიერი ადგილიც ევროპაშია“, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ „საქართველო დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას და დარჩება დემოკრატიად“.
„მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში, გამოვდივარ სიტყვით და ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხისადმი არის: „ნუ დაკარგავთ იმედს“.
ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო და საოცარი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვებისა და კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.
ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ მათ დასახმარებლად და მხარდასაჭერად. როგორც კი ხელისუფლება გამოხატავს ჩვენთან მუშაობის ნებას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში (EEAS) გაიხსნა.
გამოიფინა 2015-დან 2025 წლამდე ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზით დაჯილდოებული ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები. გამოფენის ცენტრალურ ნაწილს იკავებს სახაროვის პრემიის ლაურეატის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის ფოტო სასამართლო დარბაზიდან.