სუსში აცხადებენ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.

როგორც სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას.

როგორც სუსში აცხადებენ, გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით: – საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ;

ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება; – საქართველოში სტრატეგიული ობიექტების – მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.

„კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც გადაბირებულ იქნენ იმავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციებს შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას“, – აცხადებენ სუსში.

სუსის ცნობით, დაკავებულს ბრალდება ჯაშუშობისთვის წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ კიდევ ორ პირს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ჯაშუშობისთვის დაუსწრებლად წარედგინებათ ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სუსში განმარტავენ, რომ მიმალვაში მყოფი პირების მიმართ ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.