პროკურატურის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კერძოდ, უწყების განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, პროკურატურის საჩივრის საფუძველზე ცვლილება შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში – საქალაქო სასამართლოს განაჩენი 18-წლიან პატიმრობას გულისხმობდა.
საქმე ეხება 2024 წლის მაისში გარდაბანში მომხდარ შემთხვევას – გამოძიების თანახმად, ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის ქმართან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა.
ამის გამო 2024 წლის 16 მაისს ბრალდებულმა გარდაბანში დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა.
პროკურატურა წერს, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე” (დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), „თ“ (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით), „კ“ (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) და „მ“ (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა.