რუსეთის მიერ დატყვევებული ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას ოჯახი დახმარებას მოითხოვს.
დალი ჩხეიძემ „ტვ პირველთან” თქვა, რომ ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, რას აკეთებს სახელმწიფო მისი შვილის დასახსნელად.
გაწერლიასვე თქმით, ადვოკატმა მამუკას შესახებ წერილი გუშინ გამოუგზავნა. მანამდე 2 თვის განმავლობაში მას შვილის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
„ადვოკატი შევიდა გუშინწინ და გუშინ წერილი გამოგვიგზავნა მამუკაზე. ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვაო, ბევრ რამეზე ვილაპარაკეთო. იწერება, არ ინერვიულო დედა, მალე გამოვალ და ყველაფერი კარგად იქნებაო. ორი თვე არ გამოსულა კონტაქტზე, თან იწერება, თანამშრომლები შეიცვალა და არ იციან წერილების გაგზავნაზე და ასეთ საკითხებზე, ახლა ეწყობიანო და შემდეგში უფრო ხშირად გამოვაგზავნი წერილებსო. ხელისუფლება ამ ინტერვიუების მერე ჯერ არც გამომხმაურებია. მოთხოვნა გვაქვს ის, რომ რაღაც მაინც გააკეთონ. მეოთხე წელი დაიწყო, რაც ტყვეობაშია. ძალიან მოკლე წერილი მოვიდა – მეც მიკვირს ასეთი პატარა წერილი რატომ დაწერა, მაგრამ ისევ შედის 28-ში მეორე ადვოკატი და იმედია, მერე მაინც ვრცლად მოგვწერს”. – ამბობს დალი გაწერელია.
მამუკა გაწერელია რუსეთის ტყვეობაში 2022 წლის მაისში ჩავარდა. მაშინ ის 21 წლის იყო. გაწერელია რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინაში 2022 წლის მარტში წავიდა. იბრძოდა მარიუპოლში, აზოვსტალში.
2024 წლის თებერვალში რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ოჯახმა მამუკა გაწერელიას შესახებ არაფერი იცოდა. „რადიო თავისუფლების” თანახმად, მისგან უკანასკნელი წერილი მაისში მიიღეს. ოჯახმა იცოდა მხოლოდ ის, რომ მამუკა დაახლოებით 40 კილოს იწონიდა და ზურგის ტკივილები ჰქობდა.