გაგაუზიის პრორუს გუბერნატორს, ევგენია გუცულს მოლდოვაში 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პუბლიკა

გაგაუზიის რეგიონის პრორუს გუბერნატორს, ევგენია გუცულს მოლდოვაში 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გუცული უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ბრალდებით 2025 წლის მარტში დააკავეს, მაშინ, როდესაც ის მოლდოვის დატოვებას ცდილობდა.

პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება კიშინაუს სასამართლომ 5 აგვისტოს გამოაცხადა.

გუცული დამნაშავეს ცნეს პრორუსი მოლდოველი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის მხრიდან დაფინანსების მიღების გამო. სავარაუდო უკანონო დაფინანსება, მოლდოვის ცნობით, 42.4 მილიონი ლეია (24.6 აშშ დოლრზე მეტი). ილან შორის პარტია მოლდოვამ აკრძალა.

სასამართლომ ასევე გადაწყვიტა ევგენია გუცულის ანგარიშზე არსებული 40.9 მილიონი ლეის კონფისკაცია და ამ თანხის სახელმწიფოს ანგარიშზე გადატანა.

თავად ევგენია გუცული ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ამავე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს ილან შორის პარტიის წევრი, სვეტლანა პოპანიც. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ანგარიშიდან 9 მილიონი ლეის კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღეს.

ევგენია გუცულისთვის გამამტყუნებელი განაჩენი მაგისტრატმა ანა კუცერესკუმ გამოაცხადა.

მოლდოვის სასამართლოს მაგისტრატის უმაღლესი საბჭოს (CSM) პრეზიდენტმა, სერგიუ კარამანმა დღეს, 6 აგვისტოს განაცხადა, რომ მოსამართლე ანა კუცერესკუს მრავალი თვის განმავლობაში მოკვლით ემუქრებოდნენ და გუცულს 7-წლიანი პატიმრობა სწორედ ამიტომ მიუსაჯა.

გაგაუზია პატარა ავტონომიური რეგიონია, რომლის 140,000-იანი მოსახლეობა თურქულენოვანი და ქრისტიანია. 1990 წელს გაგაუზიამ თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, თუმცა, 1995 წელს კვლავ მოლდოვას შეუერთდა.