პროკურატურის ცნობით, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, სამ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულები კრიპტო მისამართის გამოყენებით ვირტუალურ აქტივს აკონვერტირებდნენ და საკომისიოს სახით სარგებელს იღებდნენ.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომლები, კომპანიის სახელით და მისი მეშვეობით, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას.
კერძოდ, აღნიშნული საქმიანობისთვის სპეციალურად შექმნილი მობილური აპლიკაციის და ვებგვერდის საშუალებით, ახდენდნენ სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რა დროსაც ვირტუალური აქტივის შესანახ ელექტრონულ საფულეში – კრიპტო მისამართის (Tron-ის ბლოქჩეინის) გამოყენებით, ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის (USDT) კონვერტაციას და სანაცვლოდ იღებდნენ სარგებელს საკომისიოს სახით, ტრანზაქციის ღირებულების 0,49% -დან – 1.96% -მდე“,- ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მხოლოდ 2025 წლის ივლისში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 174 500.46 ლარი.
სამართალდამცველებმა კომპანიის დირექტორი და 2 თანამშრომელი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.
ბრალდება წარედგინა ასევე იურიდიულ პირსაც.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მის ლიკვიდაციას.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების გამოვლენისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით.