იარაჯული: ვთხოვთ სარჯველაძეს, კლინიკაში მოვიდეს და შშმ ბიჭის რეანიმაციაში გადაყვანა დაიგეგომს

პუბლიკა

შშმ პირთა აქტივისტი და თავადაც შშმ შვილის მშობელი, თამარ იარაჯული 18 წლის შშმ ბიჭის, გიორგის დედასთან, მაია ბარათაშვილთან ერთად მოითხოვს, „ჯეო ჰოსპიტალში” მიხეილ სარჯველაძე მივიდეს და დაიგეგმოს გიორგის რეანიმაციაში გადაყვანა დაიგეგმოს – საქართველოში ან საზღვარგარეთ.

თამარ იარაჯულის თქმით, გიორგის ანალიზები გუშინდელს შემდეგ გაუარესებულია.

„აღმოჩნდა, რომ ძალიან მაღალია ც რეაქტიული და დიდი ალბათობით, ფილტვში ინფექციაა წასული. სეფსის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ამ ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნება”. – თქვა მან.

მაია ბარათაშვილმა თქვა, რომ 21-22 აგვისტოს ღამეს მისი 18 წლის შშმ შვილი  თბილისის სამმა კლინიკამ არ მიიღო – მიიღეს მხოლოდ მეოთხე კლინიკაში რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ. ბიჭი ახლა რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. იმავე ღამეს კლინიკაში არ შეუშვეს მაია – მშობელმა ღამე გარეთ გაათენა.

დღევანდელ ვიდეომიმართვაში თამარ იარაჯულმა თქვა:

„სამწუხაროდ, ცუდი ამბავი დაგვხვდა. ანალიზები შეიცვალა. გიორგი სასწრაფოდ გადასარჩენია. ვთხოვთ მიხეილ სარჯველაძეს, მოვიდეს კლინიკაში, სასწრაფოდ დაიგეგმოს, თუ შესაძლებელია აქვე საუკეთესო რეანიმაციაში გადაყვანა, ან შეუთანხმდნენ სტამბოლის კლინიკას – რეანომობილით გადაგვიყვანია მძიმე პაციენტები.

გიორგი იბრძვის სიცოცხლისთვის. მომაკვდავი პაციენტია და კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ვერ შველიან ასეთ მძიმე პაციენტებს.

გთხოვთ, იმიტომ, რომ ფიზიკურად არ გვაქვს ძალა. გადასარჩენია 18 წლის შშმ ბიჭი გიორგი, რომელიც დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა”.

თამარ იარაჯულმა ასევე თქვა, რომ 18 წლის გიორგის მდგომარეობა არა შეცდომის, არამედ დანაშაულის გამო დამძიმდა – იმის გამო, რომ კლინიკებმა ბიჭს სათანადო სამეციდინო დახმარება არ აღმოუჩინეს და ამის გამო მრავალი საათი დაიკარგა.

გუშინ „ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში განაცხადეს, რომ შემთხვევის მოკლვევას დაიწყებენ.