„აქციაზე ვიდექი, რათა მეთქვა, რომ ისტორიული მტერი ვერასდროს გახდება ჩემი ქვეყნის მეგობარი“ | თორნიკე გოშაძის საბოლოო სიტყვა

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

დღეს, 27 სექტემბერს, ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები თქვეს. განაჩენის გამოცხადების თარიღად 2 სექტემბერი ჩაინიშნა.

ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა თორნიკე გოშაძემ საბოლოო სიტყვაში თქვა:

Პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით მოსვლისთვის.  

Მაპატიეთ, რომ მხოლოდ ერთი სიტყვით უნდა შემოვიფარგლო, რადგან ჩემთვის რთულია, გამოვხატო ის მადლიერება, რასაც თქვენ მიმართ ვგრძნობ. Ჩემი მხრიდან მადლობა არის ის, რაც ერთი სიტყვით იწერება, თუმცა მრავალტომეულ სათქმელს ამბობს, ამიტომ მადლობას გიხდით უკლებლივ ყველას, ვინც დგახართ სინათლის და სამართლიანობის მხარეს. 

Ახლა კი შევეხები იმ აუცილებელ მიზეზს, თუ რატომ ვიდექი საპროტესტო აქციაზე.

Გავიხსენებ ვიდეოს, რომელიც ჩემმა ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში ახსენა, ვიდეო, რომელიც არ ჯდება არანაირ სამართლებრივ, ადამიანურ ან თუნდაც ცხოველურ მოქმედებაში.

ვიდეო, რომელიც დარწმუნებული ვარ, ნახა მთელმა საქართველომ და მათ შორის თქვენც, ბატონო მოსამართლე.

Ბიჭი, რომელიც უგონო მდომარეობაში ძირს ეგდო და რომელსაც ჯერ ქუსლი შემდეგ კი გაშლილი ფეხი ამოარტყეს სახეში. ვიდეოს ნახვის შემდეგ ვიფიქრე, რომ ორი დარტყმიდან, რომელიც მას მოუწია, აეტანა, ერთი შემეძლო საკუთარ თავზე ამეღო და მისთვის მიყენებული ფიზიკური ტკივილი ოდნავ შემემსუბუქებინა.

Ორს ვამბობ, თუმცა, ალბათ, ხვდებით ბატონო მოსამართლე, რომ ის ბიჭი ძირს ფეხის წამოკვრით არ წაქცეულა და უგონო მდგომარეობამდე უჰაერობას არ მიუყვანია. Დიახ, მე ვიდექი აქციაზე, ვიდექი, რათა უდანაშაულო ადამიანების ცემა გამეპროტესტებინა, ვიდექი, რათა ამერჩია სინათლე და მეთქვა, რომ ევროპა მეგობარია, ხოლო ისტორიული ოკუპანტი და მტერი ვერასდროს გახდება ჩემი ქვეყნის მეგობარი.

Მე იქ არ გავსულვარ იმ განზრახვით, რომ საფრთხე ვინმეს სიცოცხლისათვის შემექმნა. Შეცდომაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სინდისის ქონას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო თანაგრძნობის გამოხატვას – ვინმესგან დაორგანიზება ან მითითების მიცემა . 

Ბატონო მოსამართლე, მე ამ ბიჭებს არა თუ დაკავებამდე არ ვიცნობდი, არამედ დაკავების შემდეგაც ამ პატარა ქვეყანაში და კიდევ უფრო პატარა ქალაქში საერთო ნაცნობიც კი ვერ გამოვნახე. 

Მე მინდა, ჩემი ორი შეკითხვა გაგახსენოთ, რომელიც გამომძიებელს დავუსვი და დიალოგიც გავიხსენო, რომელიც ჩხრეკის პროცესში ჩემს სახლში ჩემსა და პოლიციელებს შორის შედგა.

ჩემი კითხვები იყო, რატომ შემოიპარნენ ეზოში გაუფრთხილებლად და რატომ არ მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება, პასუხად კი მივიღე, არ იყო ვალდებული გავეფრთხილებინე, რადგან დასაკავებლად იყო მოსული და არ აწარმოა ვიდეოგადაღება, რადგან არ ჩათვალა აუცილებლად.

Ამასთან ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ არამც თუ უფლებები გამაცნეს, არამედ ჩემი დაჟინებული თხოვნა, დამერეკა ადვოკატთან და მიმეღო ჩხრეკაში მონაწილეოობა, ყურადაც არ იღეს. Ჩემი აზრით კი, ასეთი მიდგომით ყოველი მეორე ადამიანის ციხეში ჩასმა შეუძლიათ, რასაც ის დიალოგიც ადასტურებს, რომელსაც ახლა გავაიხსენებ. 

 პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ თუ რამე მქონდა სახლში დამარხული ან გადამალული, კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, საკუთარი ხელით გადამეცა და ტყუილად ნუ ვაწვალებდი, რაზეც ლოგიკური პასუხი გავეცი: მთლიანი ეზო და სახლი რომ გადაატრიალოთ, ვერაფერს მსგავსს ვერ იპოვით-მეთქი, თუ, რა თქმა უნდა, შემთხვევით, პირადი ინტერესით რამეს არ იპოვით-მეთქი. მათი პასუხი იყო ასეთი, ბევრს ნუ ტლიკინებ, თავადაც ხომ იცი, ცხვირწინ მაგიდაზე დაგიდებ რასაც მინდა და შენ მაინც ვერ დაამტკიცებ, რომ შენ არ გეკუთვნისო.

Დიახ, ვიცოდი, მეც ვიცოდი და თქვენც იცით, ბატონო მოსამართლე, რომ ამის გაკეთება შეეძლოთ და სხვა ბრალდებულების შემთხვევაში გააკეთეს კიდეც. მე, ალბათ, გამიმართლა, თუ შეგვიძლია ამას გამართლება დავარქვათ. ან შესაძლოა, ნაკლებად სახიფათოდ, ან ნაკლებად აქტიურ პროტესტის მონაწილედ აღმიქვეს.

დროშასაც მინდა შევეხო, დროშას, რომელიც სხვასთან არაფერთან ასოცირდება, გარდა სოლიდარობისა და სამშობლოს სიყვარულისა, თუმცა დავუშვათ, იმ პერიოდში აქციებთანაც ასოცირდებოდა. Მაშინ მე სახლში მქონდა იმავე აქციიდან წამოღებული ცრემლსადენი იარაღის კაფსულა, რომელიც, დაახლოებით, მუჭის სისქეა.

ზიანს რაც შეეხება, მას შეუძლია უმძიმესი დაზიანება მიაყენოს ადამიანს და ამის ფაქტებიც არსებობს, თუმცა როცა კაფსულა ვაჩვენე, მითხრეს, რომ ეგ არ გვაინტერესებსო, რაც გამიკვირდა, რადგან ეძებდნენ რაიმე იმის დამამტკიცებელს, რომ აქციაზე ყოფნა დაედასტურებინათ, თუმცა არ სურდათ  ამოღება ამ ნივთმტკიცებულების, იმიტომ, რომ ეს ნივთმტკიცებულება ადასტურებდა პოლიციის დანაშაულებრივ ქმედებას. 

რაც შეეხება საქმეს, არანირი მოწმე, არანაირი დაზარალებული, არანაირი ნივთმტკიცება და არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ მცნოთ დამნაშავედ ბრალდებაში, რომელიც არ ჩამიდენია და მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ უდანაშაულო ვარ. 

Ბატონო მოსამართლე, თქვენც მინდა მოგმართოთ ორი სიტყვით, მე მყავს მეგობრები, ახლობლები, რომლებსაც ბევრჯერ აქვთ მონაყოლი, თუ როგორ  მეცადინეობდნენ სახლში სანთლის შუქზე, რათა შეექმნათ საკუთარი მომავალი.

Მე არ ვიცი, რა იყო თქვენი ოცნება, როგორი მიზნები გქონდათ და როგორ წარმოგედგინათ თქვენი პროფესიის მწვერვალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავმჯდომარის სკამი ციდან არ ჩამოვარდნილა და თქვენი შრომით და  სწავლით დაიმსახურეთ.

Ვინ იცის, რამდენი დღე, თვე ან თუნდაც წელი მოაკელით პირადი ცხოვრებას, რათა დღეს ყოფილიყავით, სადაც ხართ.

ავღნიშნავ იმას, რომ არ ვცდილობ თქვენი გულის მოგებას ან ემოციური კუთხით თქვენზე ზეგავლენის მოხდენას, უბრალოდ, არ მინდა, ჩემი სიმართლე დაიკარგოს, ხოლო თქვენი სამართლიანი ობიექტურობა ეჭვქვეშ დადგეს.

…Შეიძლება, მე დღეს უიმედოდ ვიყო განწყობილი, თუმცა დარწმუნებული ვარ, თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების ოცნებებისა და მომავლის დანგრევა და მათი საპყრობილეში გაურკვეველი მიზეზით გამომწყვდევა.

Დღეს თქვენ ხართ არა მხოლოდ მოსამართლე, არამედ ბრალდების მხარეც, დაცვის მხარეც, მოწმეც, დაზარალებულიც, ბრალდებულიც და რაც მთავარია, სამართლიანობის ის პატარა ნაპერწკალი, რომელსაც შეუძლია, მოგიზგიზე ალად იქცეს ან ჩაქრეს სამუდამოდ.

Ორივე შემთხვევაში მე არასდროს დამავიწყდებით. Ხოლო მიზეზი იმისა თუ რატომ ეს მხოლოდ თქვენს ობიექტურობაზე და სამართლიანობაზეა დამოკიდებული“, – თქვა თორნიკე გოშაძემ.