შსს ამტკიცებს, რომ დააკავეს პირი, რომელიც „აქციის მონაწილეებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა"

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, დააკავეს პირი, რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს „აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა“.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დააკავეს, რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს აქციის მონაწილეთა შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.

ასევე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.