სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიესალმება აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაციას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს.
როგორც ლევან იოსელიანის განცხადებაშია ნათქვამი, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩხრეკისას სამართალდამცავებს აქვთ ნეიტრალური მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების მოპოვების ობიექტური შესაძლებლობა და აღნიშნულს არ ახორციელებენ, ხოლო ბრალდება არსებითად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა, ვერ ჩაითვლება ადამიანის უფლებებთან შესაბამის პრაქტიკად.
„2025 წლის 24 თებერვალს სახალხო დამცველმა ნიკა კაციას ბრალდების საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სადაც პირადი ჩხრეკის ჩატარებისას ნეიტრალური მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებდა.
სახალხო დამცველი კვლავ აღნიშნავს, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩხრეკისას სამართალდამცავებს აქვთ ნეიტრალური მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების მოპოვების ობიექტური შესაძლებლობა და აღნიშნულს არ ახორციელებენ, ხოლო ბრალდება არსებითად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა, ვერ ჩაითვლება ადამიანის უფლებებთან შესაბამის პრაქტიკად, მით უმეტეს, პირის პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ლევან იოსელიანი აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულთა მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ არცერთ გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოხმაურებია.
3 სექტემბერს აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია მოსამართლემ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.
კაციას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდნობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაში ედებოდა. ის ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს.
ამავე ბრალდებით დააკავეს გიორგი ახობაძე და თევდორე აბრამოვიც. ორივე მათგანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.