გუშინ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ჰელსინკის კომისიაში მოუსმინეს.
სიტყვით გამოსვლის დროს ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის იქ იმყოფებოდა ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც ციხეში ზის, მათ შორის გამოყო მზია ამაღლობელი და მიუთითა, რომ ის სრულიად უმიზეზოდ არის დაკავებული.
ზურაბიშვილის შესავალი სიტყვა:
„მე მინდა, ვისაუბრო საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც არაერთხელ გაშუქებულა მედიაში და რომელიც უკიდურესად რთულია ადამიანის უფლებების მდგომარეობის, დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართულებით – და მე აქ ასევე წარმოვადგენ ადამიანებს, რომლებიც ციხეში სხედან და სიმბოლურად, მინდა აღვნიშნო მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი, რომელიც აბსოლუტურად უმიზეზოდ ზის ციხეშია.
ამ ადამიანების სახელით ვარ აქ, რათა ვისაუბრო საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და გავიხსენო, რომ 30 წელზე მეტია აშშ დგას საქართველოს მხარდამხარ, რათა დაგვეხმაროს ავაშენოთ დამოუკიდებელი, სტაბილური, პროდასავლური, რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფო. რომელსაც ახლა ვკარგავთ. აშშ-მა საქართველოში მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩადო და ეს არ ყოფილა მხოლოდ ჯილდო, ეს იყო ერთგულების გამოხატვა საქართველოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლის მიმართ. აშშ-მა ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, დაგვეხმარა აღგვეჭურვა და მოგვემზადებინა საქართველოს თავდაცვის ძალები, აგვეშენებინა სკოლები და კლინიკები, მოგვემზადებინა მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
ამ ქმედებებმა უზრუნველყო მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც გახდა მნიშვნელოვნად გადამწყვეტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში და რა თქმა უნდა, საქართველო ასევე იყო სანდო პარტნიორი აშშ-სთვის – მონაწილეობდა მისიებში ავღანეთსა და ერაყში.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი მასიურად უჭერდა მხარს ამ პარტნიორობას. ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო იყო სტრატეგიული გამარჯვება ამერიკისთვის – მშვიდობიანი გამარჯვება რუსეთზე, მას შემდეგ, რაც რუსეთი საუკუნეზე მეტხანს ცდილობდა დაემყარებინა კავკასიასა და შესაბამისად ცენტრალურ აზიაზე ექსკლუზიური დომინაცია. ამით ამერიკა სრულფასოვან აქტორად იქცა რეგიონში და შთააგონა ჩვენი ხალხი, ასევე, განსაზღვრა ახალი სტანდარტები.
დღეს, პირველად სამი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას. თავის სანდო მოკავშირეს დააშორა და იზოლაციაში მოაქცია როგორც საკუთარი თავი, ასევე, და თანდათან გაუთანაბრა თავი აშშ-ის მოწინააღმდეგეებს. რუსეთი ცდილობს დაიბრუნოს დომინანტური პოზიცია. „ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიდასავლური და პრორუსული გახდა. მისი საჯარო განცხადებები მკვეთრად ანტიამერიკულ ტონს ატარებს: საჯარო თავდასხმები აშშ-ის წარმომადგენლებზე, ამერიკის პოლიტიკაზე; ბრალდებები, თითქოს ამერიკა მოსკოვის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ითხოვს; მტრული განცხადებები პირადად პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მიმართ.
პარალელურად, „ქართული ოცნება” აქტიურად აღრმავებს კავშირებს, პირველ რიგში, რუსეთთან – იმეორებს რუსეთის ლიდერების რიტორიკას – ასევე ჩინეთთან: ანაკლიასთან დაკავშირებული სტრატეგიული თანამშრომლობის პროექტი მაშინ, როცა შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან; შემოღებულია უვიზო რეჟიმი ჩინეთთან; და ირანთან. ეს არის 180-გრადუსიანი შემობრუნება წინა საგარეო და საშინაო პოლიტიკიდან, თმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომელიც უზარმაზარი ფასის სანაცვლოდ მოიპოვეთ, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომი, რომელიც იმ საუკუნეში პირველი აგრესია არ ყოფილა. ეს არის მიმართულება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ის ეროვნულ ინტერესს.
რუსეთი აწარმოებს ახალ ჰიბრიდულ ომს საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ის ინტენსიურად იყენებს ჩარევის პოლიტიკას, რათა შეარყიოს დემოკრატია და დაყოს საზოგადოება. თუმცა ამას უკვე აკეთებს არა შეიარაღებული ძალებით, არამედ ჰიბრიდული ტექნიკებით. რუსეთი ოსტატურად იყენებს „რბილ ძალას”, პროპაგანდას თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად და ადგილობრივ ლიდერებს. ეს კრემლისეული მეთოდები კარგად ნაცნობია და იმ სახელმძღვანელოდანაა, რომელიც რუსეთში უკვე გამოიყენეს. ეს არის ტოტალური კონტროლი და ძალაუფლების კონსოლიდაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, კონსტიტუციის უგულებელყოფა, სასამართლოსა და პოლიციის პოლიტიზაცია.
სამოქალაქო აქტივისტებს იჭერენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსებას უზღუდავენ, პოლიტიკური პარტიები პირდაპირი განადგურების საფრთხის წინაშე დგანან. რუსეთი აშკარად თამაშობს სტრატეგიულ თამაშს საქართველოში, რათა დაიბრუნოს კონტროლი აღმოსავლეთ–დასავლეთის მარშრუტებზე და კავკასიაზე. რუსეთს ყოველთვის ესმოდა, რომ საქართველო იყო მთავარი კავკასიისა და შავის ზღვის კონტროლისთვის.
ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ ქართველი ხალხი არ მიიღებს ამ სახელმწიფოს მიტაცების ამ დამანგრეველ პროცესს. ისინი მტკიცედ ერთგულები რჩებიან მათი ევროპული მომავლის, ასევე, დემოკრატიისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის. სწორედ ამას ნიშნავს 368-დღიანი უწყვეტი პროტესტი პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ და სწორედ ამას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების გამძლეობა.
რატომ უნდა იყოს საქართველო მნიშვნელოვანი ამერიკისთვის? საქართველოში დემოკრატიის გარეშე არ იქნება სტაბილურობა – და ჩვენ ვართ არასტაბილურობის ფაზაში შესვლის რისკის ქვეშ – და საქართველოში სტაბილურობის გარეშე არ იქნება მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. საქართველოს მომავალი წარმოადგენს სტრატეგიულ გამოწვევას როგორც აშშ-ისთვის, ასევე ევროპელი პარტნიორებისთვის. რუსეთმა ყოველთვის იცოდა, რომ ვინც აკონტროლებს თბილისს, ის აკონტროლებს კავკასიას. ახლა დროა დასავლელმა პარტნიორებმა გააცნობიერონ ეს სტრატეგიული რეალობა და არ დაუშვან შავი ზღვა და რეგიონის ენერგეტიკული დერეფნები ჩინეთისა და რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს.
აშშ-ს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სჭირდებათ რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის განმტკიცება. აშშ-ის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გახსნა ახალი გზები რეგიონული სტაბილურობისა და თანამშრომლობისთვის. ეს იყო დიდი წარმატება, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის პირადი გამარჯვება.
დაბოლოს, რუსეთთან დამორჩილება არის სახიფათო. აშშ-ის შემრიგებლურმა მიდგომამ საქართველოს დე-ფაქტო ლიდერების მიმართ წარსულში იყო უკვე წარუმატებელი და ახლაც ვერ გაამართლებს. არ არის ორაზროვნების დრო, საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ, სადაც აღინიშნება აშშ-ის ინტერესები.
საქართველოს მმართველი რეჟიმის ქმედებები მხოლოდ ხალხის ნებისა და დემოკრატიული ღირებულებების ღალატი კი არაა, ეს არის პირდაპირი უარი აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა, დიპლომატებმა და საჯარო მოხელეებმაა დიდი ინვესტიცია ჩადეს საქართველოს წარმატებაში, და მიუღებელი უნდა იყოს ახლა იმის ყურება, როგორ იკარგება ეს ინვესტიცია აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისა და მტრული რიტორიკის გამო.
საჭიროა ანგარიშვალდებულება – უნდა არსებობდეს რეალური პასუხისმგებლობა მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება, რაც სურთ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს, ისევე როგორც, მათი მეგობრები: ამერიკელი ხალხი, რომლის მხარდაჭერა ყოველთვის დაფუძნებული იყო თავისუფალი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს იმედზე”.
გუშინ სიტყვით ასევე გამოვიდა ლუკი კოფი, რომელმაც ისაუბრა რუსულ გავლენებზე, „ქართული ოცნების” მზარდ კავშირებზე ჩინეთსა და ირანთან და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი შეუთავსებელია პრეზიდენტ ტრამპის ხედვებსა და მიზნებთან.
„ნებისმიერ პარტნიორ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა შემაშფოთებელია, მაგრამ საქართველოში შედეგები სერიოზულია, რადგან ეს ძირს უთხრის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. ბოლო წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ” გაიზიარა კრემლთან შესაბამისი მსოფლმხედველობა. ისინი ამტკიცებენ, რომ NATO-ს გაფართოება იყო პასუხისმგებელი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე. ისინი აკრიტიკებენ დასავლურ სანქციებს, მაშინ, როცა გაზარდეს ვაჭრობა მოსკოვთან. და ამან საქართველო აქცია ეკონომიკურ „ნაცრისფერ ზონად”, სადაც სანქციების გვერდის ავლა ხდება.
მათ ასევე გაართულეს საქართველოდან მოხალისეებისთვის უკრაინაში საბრძოლველად წასვლა, ხოლო ისინი ვინც მიდიან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხშირად დევნის ობიექტები ხდებიან. მაგრამ პრობლემაა ასევე თბილისის ახლოს ურთიერთობა ირანთან. ივლისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის სალეჩოში მივიდა, რათა სამძიმარი გამოეხატა მათ მიმართ, ვინც აშშ-ისრაელის საჰარეო თავდასხმის დროს დაიღუპა […] „ქართული ოცნების” სურვილმა, დაუახლოვდეს ირანის ისლამურ რესპუბლიკას, შექმნა სივრცე იმისთვის, რომ მისმა სპეცსამსახურებმა უფრო თავისუფლად იმოქმედონ საქართველოში.
არანაკლებ შემაშფოთებელია საქართველოს მზარდი კავშირები ბეიჯინგთან. პრემიერ-მინისტრმა ჩინეთი შეადარა სახელმწიფო მოდერნიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს და წარმოაჩინა, თითქოს იგი დადებით მოდელს წარმოადგენს სხვა გლობალური ძალებისთვის. იმ დროს, როცა ბევრი ევროპული ქვეყანა ამცირებს ჩინურ ინვესტიციებს, საქართველო საპირისპირო მიმართულებით მიდის. მაგალითად, მას შემდეგ, რაც 2020 წელს აშშ-სა და საქართველოს კონსორციუმი დაბლოკეს ანაკლიის პორტის პროექტიდან, ახლა როგორც ჩანს, ამ პროექტს უხელმძღვანელებს აშშ-ის მიერ სანქცირებული ჩინური კომპანია. ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობებს ცენტრალურ აზიაში იშვიათი მინერალების მოპოვების კუთხით.
სიტუაცია შემაშფოთებელია ტელეკომუნიკაციების სექტორშიც. საქართველოს მთავრობის ინსტიტუტების დაახლოებით 70–80% იყენებს ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერებს, ხოლო „ჰუავეი“ ღრმად არის ინტეგრირებული ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ქსელებში. რა თქმა უნდა, როგორც პატარა ქვეყანას ევრაზიის ტერიტორიაზე, ბუნებრივია, საქართველოს ჰქონდეს სურვილი ჩინეთთან მეგობრული ურტიერთობის, მაგრამ შემაშფოთებელია ის ენთუზიაზმი, რომელსაც „ქართული ოცნების” ლიდერები აჩვენებენ ჩინეთთან ურთიერთობის დაახლოების მისწრაფებებში.
ახლა ეს გეოპოლიტიკური შეფასება სამი კითხვით სრულდება. რატომ არის რუსეთი უფრო გავლენიანი საქართველოში მაშინ, როდესაც მისი გავლენა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შესუსტდა? როგორ ახერხებს ან რატომ არის დაშვებული, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ასეთი ეფექტურობით ოპერირებას საქართველოში? და მაშინ როცა ევროპა ამცირებს ჩინურ ჩართულობას, რატომ აკეთებს საქართველოს საპირისპიროს და მიესალმება ჩინეთს?
„ქართული ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ისინი თანხვედრაში არიან პრეზიდენტ ტრამპთან. სინამდვილეში, პირიქითაა: ირანთან სიახლოვე არ შეესაბამება პრეზიდენტ ტრამპის ხედვას; კრიტიკული ინფრასტრუქტურის სექტორში ჩინეთის დაშვება არ შეესაბამება პრეზიდენტ ტრამპის ხედვას; რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შექმნა აზიანებს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, რაც ამ თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია.
„ქართული ოცნება” ასევე ცრუ ბრალდებებს ავრცელებს, თითქოს დასავლელი ოფიციალური პირები საქართველოს ახდენენ ზეწოლას, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნა, მათ ისინი „გლობალური ომის პარტიას” უწოდებენ. ეს სრული აბსურდია და მნიშვნელოვანია სიმართლის თქმა: ვაშინგტონში არასოდეს მომისმენია მსგავსი რამ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას რუსეთის წინააღმდეგ.
თბილისის ერთ-ერთ პარკში დგას რონალდ რეიგანის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც ჩრდილოეთისკენ, რუსეთისკენ იყურება. ქართველებისთვის ეს სიმბოლოურად აჩვენებს იმას, რამდენად შორს წავიდნენ საბჭოთა დროიდან და რამდენად ნათელი შეიძლება იყოს მათი მომავალი. დასავლეთისთვის კი ეს გვახსენებს, რომ ცივი ომი უბრალოდ კი არ დასრულდა, ის მოიგეს, თავისუფლებამ და კაპიტალიზმმა სძლია რეპრესიებსა და კომუნიზმს და ეს იდეები უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე NATO-ს ნებისმიერი არმია.
აშშ-სა და საქართველოს მსგავს ხანგრძლივ პარტნიორობას სჭირდება ძალისხმევა ორივე მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის გავლენა მტკივნეულია, ის მხოლოდ მოკლე თავი იყო საქართველოს დიდ და ამაყ ისტორიაში. დასასრულს, როცა საქმე საქართველოს ეხება, ამერიკელი პოლიტიკოსები სტრატეგიულები უნდა იყვნენ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ გრძელვადიანი თამაში და მზად ვიყოთ ურთიერთობის აღდგენისთვის, როცა ამის შესაძლებლობა გაჩნდება.
მე მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი, საჭმელი, ღვინო, კულტურა. და ერთი რამ კარგად უნდა ვიცოდეთ: არასოდეს უნდა შეგეპაროთ ეჭვი როცა საქმე ქართველი ხალხის გამძლეობას ეხება”, – თქვა მან.