„ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ცნობით, პირები, რომლებმაც 8-9 სექტემბერს კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტებზე იძალადეს, დაკავებიდან გათავისუფლდნენ.
როგორც დარახველიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, „დაზარალებულების ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა“.
„დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან“, – თქვა დარახველიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 და 9 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მომხდარის შემდეგ 3 ადამიანი დააკავა. ორი დააკავეს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით, ხოლო ერთი – სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით.
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლებით დააკავეს „ოცნების“ მხარდამჭერები – ზაზა მამალაძე, რომელმაც 8 სექტემბერს აქციაზე ქალს ხელი გაარტყა და ირაკლი ბუაჩიძე, რომელსაც ხელკეტი ჰქონდა და ერთ-ერთ დემონსტრანტს ჩაარტყა. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ბუაჩიძე პოლიციას ეუბნება „თქვენიანი ვარ“.