კალაძე ხაბეიშვილზე: ფარული ჩანაწერი რომ ყოფილიყო, სადაც ქრთამს სთავაზობს, იგივე არ იქნებოდა?

პუბლიკა

კახა კალაძემ ლევან ხაბეიშვილის დაკავების შესახებ თქვა:

„ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის მიღება, ასევე მიცემა. მის ბოლოდროინდელ ქმედებებში ჩანს დანაშაული, რაზეც შესაბამისმა უწყებამ განცხადება გააკეთა. ქრთამის შეთავაზება საჯაროდ იქნება, თუ ფარულად, დასჯადია. რა მნიშვნელობა აქვს ფორმას? მაგალითად, ფარული ვიდეოჩანაწერი რომ ყოფილიყო, სადაც ის ხვდება სამართალდამცველებს და გაეკეთებინა ქრთამის მიცემაზე დაპირება, იგივე არ იქნებოდა? დანაშაულია, აბა რა არის, როცა პოლიციელებს ქრთამს სთავაზობ, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან?”

ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი გუშინ, 11 სექტემბერს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „ლევან ხაბეიშვილი სოციალური ქსელებითა და ტელევიზიებით ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას, თუ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ქრთამის მიცემას უკანონო ქმედების ჩასადენად და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ლევან ხაბეიშვილმა 2025 წლის 25 ივლისს თქვა:

„მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში.

საიდან მოვიტანთ ამ ფულს? გადახედეთ, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური – რამდენია ამოსაღები ბიუჯეტისთვის.

თქვენ მიიღებთ ამ ჯილდოს. 200 ათასი დოლარი არის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი”.