პროკურატურის ცნობით, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალდება წარუდგინა.
ხაბეიშვილს ბრალად ედება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირება და ასევე – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. პროკურატურის ცნობით, ეს ბრალდება „საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცების საფუძველზე წარედგინა“. უწყება სასამართლოში ხაბეიშვილის პატიმრობას მოითხოვს.
რაც შეეხება ზოდელავას, მას გამოძიების ხელშეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა ედება ბრალად. უწყება ზოდელავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატიურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს.
აღნიშნული ქმედებისათვის, იგი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და საოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს.
რაც შეეხება ამავე საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისათვის დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
შესაბამისად, მას ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლისა, საბოლოოდ სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოსგან ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო მურთაზ ზოდელავას მიმართ – გირაოს შეფარდებას მოითხოვს“, – აცხადებს უწყება.
ადვოკატების შეფასებით, წარდგენილი ბრალდება სამართლებრივად აბსურდულია.
„ორივეს ბრალდება არის, რა თქმა უნდა, სამართლებრივად აბსურდული. მტკიცებულებებს, რაც მოვასწარი და გადავხედე, ესაა პოლიციელების პატაკები და მათი გამოკითხვის ოქმები, რომელშიც გდდ-ს სამი თანამშრომელი აღნიშნავს, რომ მათ მოისმინეს ლევანის ინტერვიუ საჯაროდ, საუბარი იყო ჯილდოზე, მიიღეს ეს შეურაცხყოფად და ეს არის მათი შეფასებით, ქრთამის შეთავაზება პოლიციის თანამშრომლებისთვის.
მეორე, სუსის თანამშრომელი აკეთებს პატაკს, რომ ლევანი მოუწოდებს ხალხს მშვიდობიანი რევოლუციისკენ, მშვიდობიანი დამხობისკენ და ამის საფუძველზე წარედგინა მეორე ბრალი.
მოსამართლე არის ფიქრია სიქტურაშვილი, რომელსაც, მიმაჩნია, არარელევანტური მსჯელობა აქვს – იგი წერს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მიმაჩნია, რომ ლევანი არის საზოგადოებისთვის საშიშიო და მისი დაკავება უნდა მოხდეს, ვინაიდან შესაძლოა, დანაშაული გააგრძელოს და დაამხოს ხელისუფლებაო“, – განაცხადა ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.
მურთაზ ზოდელავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას შეფასებით:
„საზოგადოებამ ნახა კადრები. სადაც ჩანდა, რომ მურთაზ ზოდელავას მხრიდან არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, 353-ე მუხლით, რაზეც თავიდან აპელირებდა სუსი, მისთვის ბრალდების წარდგენა იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, მაგრამ იმის გამო, რომ დაკავებული ჰყავთ და ეს დაკავება თითქოს რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციონ, გათავისუფლების ნაცვლად წარუდგინეს მას ბრალდება, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით, ეს არის სსკ-ის 364-ე მუხლის 1-ელი ნაწილი.
ჩვენი ამოცანა არის უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება. მურთაზ ზოდელავა არის დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშ პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება, რაც მის გათავისუფლებას ხელს შეუწყობს, უნდა იქნეს მიღებული. საერთოდ, ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ ბრალდება არ წარედგინათ და ისე გაეთავისუფლებათ“, – განაცხადა მან.