აქტივისტების ინფორმაციით, რამდენიმე პირი დაესხათ თავს - ერთ მათგანს, სავარაუდოდ, იარაღი ჰქონდა

პუბლიკა

რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, ბესიკის ქუჩაზე ხმაურია – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან წამოსული მარშის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ რამდენიმე ადამიანი დაესხათ თავს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი „პუბლიკასთან” ამბობს, რომ, დაახლოებით, 6 ადამიანი იყო და ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთ მათგანს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ამოუვარდა.

მისივე თქმით, ერთ მათგანს დანაც ჰქონდა, დანარჩენები კი გაიქცნენ.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, რამდენიმე პირი პოლიციამ გაიყვანა, მათ შორის იყო აქციის მონაწილე ლევან ჯობავა, რომელიც აქტივისტების თქმით, იარაღიანი პირის შეჩერებაში მონაწილეობდა. ჯობავა შსს-ს წარმომადგენლებმა ბესიკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიყვანეს.

ლევან ჯობავასთან ადვოკატი საათზე მეტი ხნის დაგვიანების შემდეგ შეუშვეს. როგორც კაფედან გამოსვლის შემდეგ ჯობავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.

ჯობავას თქმით, ერთ-ერთმა პირმა იარაღი მის დასანახად ამოიღო, აქტივისტებმა იარაღი წაართვეს და პოლიციას მისცეს. როგორც ლევან ჯობავა ამბობს, პოლიციამ მას უთხრა, რომ იარაღი ცეცხლსასროლი არ იყო.

„ვიღაც ტიპები იყვნენ, რომლებიც გვაგინებდნენ. რომ ამოვყევით, ერთ-ერთი შევარდა აქ [კაფეში] და ვის აგინებთქო რომ ვკითხეთ, ეგრევე კედელთან დადგა და დააძრო იარაღი. წავართვით ეს იარაღი, გამოვიყვანეთ და იარაღი მივეცით პოლიციას, ეს ტიპიც ჩავაბარეთ და მერე საათზე მეტი ხნის განმავლობაში გარეთ არ მიშვებდნენ, ადვოკატსაც დიდი ხანი არ უშვებდნენ.

მერე მითხრეს წამოდი, დაკითხვაზე უნდა გადაგიყვანოთო. ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ ვუთხარით, რომ მოსამართლის გარეშე არ გამოვიკითხებოდი. როგორც გვითხრეს დაგვიკავშირდებიან…

არ ვიცნობ არცერთს, მარშს რომ ვუერთდებოდი მაშინ გამოჩნდნენ. ჩვენს დასანახად ამოიღო იარაღი… პოლიციამ თქვა, რა იყო არ არის ცეცხლსასროლი იარაღიო… ასე თქვეს რომ დაკავებული გვყავსო და თუ არ წამოხვალ გამოკითხვაზე მოგვიწევს გაშვებაო, ვუთხარი რომ მოსამართლის გარეშე არ გამოვიკითხებოდი“, – თქვა ლევან ჯობავამ.