ევროკომისიის პრესსპიკერი: EU მხარს უჭერს საქართველოში ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს

პუბლიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში“.

„პირველ რიგში, ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში.

ჩვენ სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ მათ მიმართ და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ.

ჩვენი მხრიდან, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და ვაგრძელებთ გზებისა და ვარიანტების შესწავლას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას იმ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ და ეს უკვე დაიწყო უმაღლესი წარმომადგენლის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მეშვეობით, ასევე ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე. ასევე, მიღებული გადაწყვეტილებები მოიცავს დამატებით ვარიანტებს, თუ რა შეგვიძლია გავითვალისწინოთ, სანქციებიდან დაწყებული უვიზო რეჟიმის შეჩერებით დამთავრებული და სხვა ვარიანტებით.

ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები, შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა და გაზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა ჰიპერმა.


„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს იმის გამო, რომ 14 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის შენობასთან გამოკრულ ბანერზე მარკერით გააკეთა წარწერა – „რუსული ოცნება”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე.

ელენე ხოშტარიამ თავისი ამ ქმედებით სოლიდარობა გამოუცხადა მეგი დიასამიძეს – 23 წლის სტუდენტს, რომელმაც კალაძის ბანერზე იგივე წარწერა 9 სექტემბერს გააკეთა. მომდევნო დღეს ისიც სისხლის სამართლის წესით, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დააკავეს. 12 სექტემბერს ის 2000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.