თბილისის მოქმედი მერი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ვაკის პარკში ხის წაქცევის ფაქტს გამოეხმაურა.
ადგილზე მყოფების ინფორმაციით, ვაკის პარკში ხე იმ ადგილას წაიქცა, სადაც ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ღია გაკვეთილი უტარდებოდა. მათივე ცნობით, მცირე დაზიანება მიიღო მასწავლებელმა.
კალაძის თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სკვერებისა და პარკების შემოწმებასა და მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ, „თუმცა ბუნებრივი პროცესებისგან დაზღვეული არავინაა“.
„ადგილზე არავინ ყოფილა. რა თქმა უნდა, მერია შემოწმებას ახორციელებს, თუმცა სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა – ხან ხე წაიქცევა, ხან რაღაც დაზიანდება. გვაქვს ამის კადრები და მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ნუ გაავრცელებთ სიცრუეს და ტყუილს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები ცუდია, მაგრამ ბუნებრივი პროცესები ხდება, რომლის პრევენციაც არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.