კუპრაძე ჩირაგოვზე: უნდა ვივარაუდოთ, როცა მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა, შემდეგ ჩაერთო უფრო მძიმე წნეხი

პუბლიკა

„ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ეხმაურება პარტიის ბოლნისის მერობის კანდიდატის, ასეფ ჩირაგოვის გადაწყვეტილებას, რომ კანდიდატურა „ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ მოეხსნა. გადაწყვეტილების შესახებ ჩირაგოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.

კუპრაძე ამბობს, რომ 4 დღის წინ მან პარტიას გადასცა გზავნილი, რომ მისმა ნათესავმა, მოქმედმა პოლიციელმა მას თანხის დასახელება შესთავაზა კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. კუპრაძის განცხადებით, ჩირაგოვის პასუხი უარყოფითი იყო.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვარაუდობს, რომ როცა მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა, ჩირაგოვის წინააღმდეგ უფრო ძალადობრივი, მძიმე წნეხი ან შანტაჟის მცდელობა იყო.

„4 დღის წინ ასეფ ჩირაგოვი დაუკავშირდა ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, შეხვდა და გზავნილი გადმოგვცა, რომ მასთან მისი უახლოესი ნათესავი, მოქმედი პოლიციელი იყო მისული, რომელმაც მას თანხის დასახელება შესთავაზა კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. ასეფ ჩირაგოვის პასუხი უარყოფითი იყო, მისი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ იყო და, სავარაუდოდ, რჩება კრიტიკული. მას „ქართული ოცნება“ რუსულ რეჟიმად მიაჩნია და გაგვაფრთხილა, რომ „ქართული ოცნება“ სხვა მუნიციპალიტეტებში აგრძელებს მოსყიდვის, მუქარისა და შანტაჟის მცდელობებს. 4 დღის შემდეგ, ასეფ ჩირაგოვმა კანდიდატურა მოხსნა.

ცხადია, უნდა ვივარაუდოთ, როცა მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი, ან შანტაჟის მცდელობა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ზეწოლამ იმუშავა. უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონებში განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ზეწოლა, წნეხი, სუსის შანტაჟი ბევრად უფრო მძიმეა. ჩვენ ველოდებით კიდევ შანტაჟის, მუქარის გაგრძელებას ჩვენს წევრებზე, მაგრამ ასევე ცხადად ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას არცერთი მიმართულებით მიუხედავად იმისა, რას მოიმოქმედებს მამუკა მდინარაძის სუსი, ბიძინა ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმი და კახა კალაძის ის კრიმინალური ბანდა, რომელიც თბილისის ქუჩებში დაძრწის და ცდილობს ჩვენს აქტივს ხელი შეუშალოს პოლიტიკურ კამპანიასა და საქმიანობაში“.