გვიან ღამით თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ორი აფეთქება მოხდა – დაშავებულია 1 ადამიანი.
აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ფართი.
მოქალაქე ლაშა შეროზია სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალას ავრცელებს და ამბობს, რომ აფეთქებამდე ადგილზე გაზის სუნი იგრძნობოდა. მისივე თქმით, პირველი აფეთქების შემდეგ დასახლებაში გაზის სუნი ისევ იდგა და მოქალაქეები მილსადენების შემოწმებას მოითხოვდნენ, თუმცა როგორც ის აღწერს, მილსადენები დამატებით არავის შეუმოწმებია.
„სასწაულებრივად გადავრჩით. კარგად ვართ მადლობა ღმერთს. ეს არის შედეგი უპასუხისმგებლობის, უნიათობის, აღარ ვიცი, რა დავარქვა ადამიანების ასეთ გაწირვას და ფეხებზე დაკიდებას.
წუხელ ჩვენს წინ შენობა აფეთქდა, 19 წლის გოგო დაიწვა. გადარჩა, საბედნიეროდ. ამის შემდეგ, ისევ გაზის სუნი რომ იყო, სამაშველოს ვუთხარი, სუნია გაზის და გადაამოწმეთ ყველაფერი-მეთქი, იქედნურად ზურგი მაქცია და 114 იყო, გადაკეტა და საფრთხე აღმოფხვრილიაო. ეს სუნი გაიფანტა უბრალოდო, რის შემდეგაც იყო უდიდესი წნევით აფეთქება და ნგრევა“, – წერს შეროზია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის და ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.