25 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლოში განიხილეს საქართველოს მოქალაქის, გიორგი კინოიანის საქმე. დაცვის მხარე მის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
გიორგი კინოიანი 3 სექტემბერს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე დააკავეს. სომხეთის სასამართლომ მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.
რუსეთი საქართველოს მოქალაქეს უკრაინის მხარეს ბრძოლაში ადანაშაულებს. 2024 წლის 25 ოქტომბერს გიორგი კინოიანს ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სომხეთში ის რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე დააკავეს.
„გიორგის სააპელაციო საქმის განხილვა მის გარეშე ჩატარდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რომ გიორგი გათავისუფლებულიყო უკანონო პატიმრობიდან, რომელშიც უკვე 23-ე დღეა იმყოფება.ამ ეტაპზე ერთადერთი გზა ლოდინია — ველოდებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაჩქარებულ გადაწყვეტილებას გიორგის გათავისუფლების შესახებ.
ამავდროულად, საქმის გასაჩივრებას ვგეგმავთ საკასაციო სასამართლოშიც, რათა დავამტკიცოთ, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გიორგის დაკავება უკანონოა“, – წერია გიორგი კინოიანის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში. სოციალურ ქსელს ოჯახის წევრები მართავენ.
სომხური მედია წერს, რომ კინოიანის უფლებებს ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისი იცავს. ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისს ხელმძღვანელი, არტურ საკუნცი ამბობს, რომ წარმოუდგენელია პირის უკანონო პატიმრობაში ყოფნა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ბრალდებების საფუძველზე.
ვანაძორის ოფისის იურიდიული განყოფილების კოორდინატორმა, ადვოკატმა ანი ჩატინიანმა Aravot.am-თან ინტერვიუში თქვა, რომ „სინამდვილეში, სარჩელი ეფუძნება უკანონო, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თვითგამოცხადებული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს“.