კობახიძე: შეიძლება მომავალში მივიღოთ ზომები, რაც გაადვილებს სპეცრაზმელების იდენტიფიცირებას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შესაძლოა მომავალში მიიღონ ზომები, რაც სპეცრაზმელების იდენტიფიცირებას გაადვილებს. ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა სისტემური პრობლემა, რომ მოძალადე სპეცრაზმელების იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ.

კობახიძე ფიქრობს, რომ ეს სისტემური პრობლემა არაა და ობიექტური მიზეზი არსებობს:

„სისტემური როგორ არის, მომიტინგეების 97%-ის იდენტიფიცირება ვერ მოვახერხეთ მასე, ეს არის სისტემური პრობლემა?! ობიექტური მიზეზი ჰქონდა ამ ყველაფერს… აქაც იგივეა, როგორც მომიტინგეები იყვნენ ნიღბებით, ასევე სპეცრაზმელებიც და ვერ მოხერხდა კონკრეტულ შემთხვევაში [იდენტიფიცირება]. შეიძლება მომავალში მივიღოთ ზომები, რაც გააადვილებს იდენტიფიცირებას“.

ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების დროს სპეცრაზმელები ათეულობით მოქალაქეს სასტიკად გაუსწორდნენ, მათ შორის სცემეს ჟურნალისტებსაც, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. არაერთი მოქალაქე დაზიანებების გამო საავადმყოფოში მოხვდა. ამ დრომდე შესაბამისი უწყებების არცერთი წარმომადგენლის მიმართ არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა.